Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოხუმის პორტში შევიდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდი


რუსული ხომალდი "ციკლონი" სოხუმის პორტში
რუსული ხომალდი "ციკლონი" სოხუმის პორტში

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდი „ციკლონი“ სოხუმის საზღვაო პორტში შევიდა, „ქართულ-აფხაზურ ომში გამარჯვების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში“ მონაწილეობის მისაღებად.

პორტში რუს მეზღვაურებს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციის წევრები, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა და „პარლამენტის“ დეპუტატები დახვდნენ.

როგორც სააგენტო "აფსნიპრესი" იუწყება, პორტში ყოფნის პერიოდში სოხუმის მოსახლეობას და სტუმრებს გემის დათვალიერება შეეძლებათ. „ციკლონი“ სოხუმში 1 ოქტომბრამდე დარჩება.

მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი. მდინარე ფსოუზე არსებულ დე ფაქტო საზღვარზე დელეგაციას შეხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აბესალომ კვარჩია, ე.წ. იუსტიციის მინისტრი ანრი ბარციცი და გაგრის რაიონის „ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელი იური ხაგუში.

გაგლოევმა ყვავილებით შეამკო აფხაზეთის ომში დაღუპული ცხინვალელი მოხალისეების მემორიალი.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „დელეგაციაში“ შედიან „საგარეო საქმეთა მინისტრი“ ახსარ ჯიოევი, „თავდაცვის მინისტრი“ მარატ პავლოვი და ე.წ. პარლამენტის წევრები.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.

აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.

1993 წლის 27 სექტემბერს საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა.

სოხუმის დაცემიდან 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, რუსეთმა აფხაზეთი „დამოუკიდებელ რესპუბლიკად“ აღიარა. ამას წინ უძღოდა ცხინვალის რეგიონიდან(სამხრეთი ოსეთი) დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომი. მოსკოვმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად ცნო „სამხრეთი ოსეთიც".

XS
SM
MD
LG