Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქო ყარაბაღის ყოფილ „სახელმწიფო მინისტრს" ტერორიზმის დაფინანსებაში ადანაშაულებს


მილიარდერი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრად 2022 წლის შემოდგომაზე დანიშნეს
მილიარდერი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრად 2022 წლის შემოდგომაზე დანიშნეს

აზერბაიჯანის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ყოფილ სახელმწიფო მინისტრს, მილიარდერ ბიზნესმენ რუბენ ვარდანიანს. ეს ცნობილი გახდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საიტზე დღეს, 28 სექტემბერს, გამოქვეყნებული ინფორმაციიდან, რომელიც ვარდანიანისთვის ბრალის წაყენებას ეხება.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა რუბენ ვარდანიანი 27 სექტემბერს დააკავეს, როცა მთიან ყარაბაღს სომხეთთან დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნით ტოვებდა. ერთი კვირით ადრე, აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი.

აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ვარდანიანს ბრალად ედება ტერორიზმის დაფინანსება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და საქმიანობაში მონაწილეობა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

ერევანში დაბადებულმა რუბენ ვარდანიანმა კაპიტალი რუსეთში დააგროვა. ფორბსის" ინფორმაციით, მისი ქონება მილიარდ დოლარზე მეტია.

„რუსეთის საფონდო ბირჟის მამად“ წოდებულმა ვარდანიანმა 2022 წლის შემოდგომაზე უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე და საცხოვრებლად გადავიდა ყარაბაღში, სადაც თვითაღიარებული რესპუბლიკის სახელმწიფო მინისტრად, ანუ ადგილობრივი მთავრობის მეთაურად დანიშნეს, თუმცა რამდენიმე თვეში ამ პოსტიდან გაათავისუფლეს.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, რუბენ ვარდანიანის დაკავებიდან რამდენიმე საათში სომხეთმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და მისი მეშვეობით აზერბაიჯანისგან მოითხოვა ინფორმაცია ვარდანიანის დაკავების გარემოებების და ამჟამინდელი ადგილსამყოფლის შესახებ.

XS
SM
MD
LG