Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენმ-ის წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური ძალადობის საქმეზე 6 პირს პატიმრობა შეუფარდეს


სასამართლო პროცესი საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე
სასამართლო პროცესი საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ექვს პირს, რომლებსაც ბრალად ედებათ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე ჯგუფური ძალადობა.

სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და პატიმრობა შეუფარდა მირიან სვანიძეს, გიორგი ქიშმარიას, ტატო ხუნდაძეს, ელგუჯა ჩოხელს, ლაშა ამირანაშვილს და ბექა ავსაჯანაშვილს.

პროკურორმა მარიამ ბეგიაშვილმა სხდომაზე განმარტა, რომ დაკავებულების მხრიდან არსებობს დაზარალებულებზე და მოწმეებზე ზემოქმედების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები.

ადვოკატი ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა.

„ირაკლი ეძგვერაძე ჩემს ოჯახშია გაზრდილი… მათი მხრიდან იყო შეძახილები: „კახი კალაძის მონები ხართ“, „სადამსჯელო რაზმი ხართ“. ამასთან, დედაჩემს რომ ასე შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს, ასიდან ას შემთხვევაში ასე მოვიქცევი. მე კაცად გამზარდა დედაჩემმა.

მე ვარ თანამდებობის პირი და შემთხვევით მივიღე მონაწილეობა ამ ყველაფერში, ამიტომ უნდათ ამის გამოყენება პოლიტიკურად“, - განაცხადა ბრალდებულმა ტატო ხუნდაძემ სასამართლოს სხდომაზე.

სასამართლო პროცესი საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე
სასამართლო პროცესი საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, თბილისში, გლდანის I მიკრორაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულები, ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ოთხ პირს და მათ მიმართ ფიზიკურად იძალადეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 23 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო პროცესი საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე
სასამართლო პროცესი საკრებულოს წევრის, ირაკლი ეძგვერაძის საქმეზე

როგორც პროკურატურა აცხადებს, აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ამბობს, რომ საკუთარ სახლთან 40-ზე მეტი პირი დაესხა თავს და სცემა.

მოგვიანებით კი, მის სანახავად გლდანში, მის სახლთან მისული ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

მელიამ დაკავებამდე განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის სხდომაზე დაუპირისპირდა კალაძის მეგობარს, დეპუტატ კოტე ზარნაძეს.

ეძგვერაძეზე თავდასხმა 22 სექტემბერს, მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ის წევრები ამბობენ, სწორედ ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საკრებულოს ოპოზიციონერ წევრ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმასთან კავშირი არც მას არ აქვს და არც გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს.

XS
SM
MD
LG