Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გაათავისუფლეს


ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 24 სექტემბერი, 2023 წელი
ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. 24 სექტემბერი, 2023 წელი

გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

სასამართლო პროცესი გადაიდო.

ნიკა მელიამ გათავისუფლების შემდეგ პირველ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ თავდამსხმელებსა და იმ პოლიციელებს შორის, რომლებმაც დააკავეს, განსხვავება არ არსებობს. მელიას თქმით, ხელისუფლება შესაცვლელია, რადგან ის დემოკრატიული ვერასდროს გახდება.

„ორი დღის მომხდარმა ამბავმა, ალბათ, ყველა დაარწმუნა, რომ ეს ხელისუფლება ყველაფერია ხელისუფლების გარდა. თავიდან ბოლომდე კრიმინალურ სამყაროსთან შერწყმული, რომელიც პოლიციელებთან ერთად მოქმედებს. რაც ორი დღის წინ მოხდა, იგივე მოხდა სამი წლის წინაც გლდანში და არც მაშინ დაუსჯიათ არავინ. ზუსტად იგივე ხალხი შეიჭრა გუშინწინ კერძო საკუთრებაში და უმოწყალოდ გაუსწორდა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ზნეს არ შეიცვლის. ჩვენ მას დემოკრატიულად ვერ ვაქცევთ, ჩვენ ის უნდა შევცვალოთ“, - უთხრა ნიკა მელიამ რადიო თავისუფლებას.

ნიკა მელიას არ სჯერა, რომ ორმოცდაათი შეიარაღებული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გაბედავდა ასეთ ქმედებას, თუ შეკრული არ არის ხელისუფლებასთან და ადგილობრივ პოლიციასთან.

„ეს იყო ნათელი სიგნალი "ქართული ოცნების" მხრიდან. ასე აპირებენ არჩევნების ჩატარებასაც. მაგრამ რაც მეტს იძალადებენ ხალხზე და ოპონენტებზე, მით უფრო მძიმე იქნება მათი მარცხი“.

"არცერთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს არანაირი შემხებლობა ძალადობასთან, პოლიციელზე თავდასხმასთან", - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მისი შეფასებით, ეს იყო მძიმე, დაძაბული სიტუაციის ფონზე პოლიციის მიერ პროვოცირებული ქმედება, რასაც მოჰყვა პოლიტიკოსების უკანონო დაკავება.

ამ ამბავს წინ უსწრებდა ფაქტი, როცა 22 სექტემბერს თბილისის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ირაკლი ეძგვერაძეს, გლდანში ორმოცამდე პირი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა.

ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი არის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძე, რომელიც ბრალდებას უარყოფს.

მოგვიანებით, ადგილზე მივიდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე, რა დროსაც ვითარება დაიძაბა და ისინი დააკავეს.

შსს-მ გამოძიება სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე კი საქმე ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით აღიძრა.

XS
SM
MD
LG