Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატი მოელის, რომ ნიკა მელიას და მის თანამებრძოლებს სასამართლო დღეს გამოუშვებს


გიორგი კონდახიშვილი
გიორგი კონდახიშვილი

ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა უკანონოდ დააკავეს და პროვოცირება პოლიციამ მოახდინა.

ადვოკატის თქმით, დაცვის მხარე ეცდება სასამართლო დაარწმუნოს, არ გამოიყენოს დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ადმინისტრაციული სასჯელი.

კონდახიშვილმა მედიას აცნობა, რომ გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულები - ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა - უკვე გადაიყვანეს საქალაქო სასამართლოში.

"სამივე დაკავებული, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სასამართლოში გადაიყვანეს. უახლოეს საათებში სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ველოდებით. ჩვენი პოზიციაა, რომ პოლიციამ მოახდინა სიტუაციის ესკალაცია. ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, შემთხვევის ადგილას საკმაოდ გამომწვევად იქცეოდა. როგორც ჩანს, მიზანი ჰქონდა თავიდანვე, რომ მელია და მისი თანმხლები პირები დაეკავებინა“, - ამბობს გიორგი კონდახიშვილი.

ადვოკატი ელის, რომ სასამართლო დღესვე გაიმართება და სამივე დაკავებული გათავისუფლდება.

"გუშინ საღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ვადა 24 საათით გააგრძელა. სამივე დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე, 48-საათიანი ვადა იწურება“.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი დრო, თუ როდის გაიმართება დაკავებული პოლიტიკოსების სასამართლო პროცესი.

22 სექტემბერს ნიკა მელია თანაპარტიელის, ირაკლი ეძგვერაძის მხარდასაჭერად გლდანში მას შემდეგ მივიდა, რაც თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე საკუთარ სახლთან სცემეს.

მელიამ დაკავებამდე განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის სხდომაზე დაუპირისპირდა კალაძის მეგობარ დეპუტატს, კოტე ზარნაძეს.

XS
SM
MD
LG