სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს მმართველი პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციას, რომ გამოჰკითხეს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. რადიო თავისუფლებას უწყების პრესსამსახურში უთხრეს, რომ სხვა ინფორმაციას არ ფლობენ.
"გამახსენეთ, თუ შეიძლება, მტკიცებულება რა იყო მისი ბრალდების დამადასტურებელი და აუცილებლად ავდგები და მეც ვიკითხავ, როგორც პარლამენტის წევრი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში იმ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იბარებენ.
თუ არაფერია და ცარიელი ფურცელია, შეიძლება კითხვაც კი რა უნდა დაუსვა, არ არსებობდეს პოზიცია საგამოძიებო უწყებაში. სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია არცერთი ფრაზა, არათუ მტკიცებულება ბრალდების დამდასტურებელი. თქვენ რომ იყოთ გამომძიებელი, აგენტი ხომ არ ხართო, ეს უნდა ჰკითხოთ კაცს?!" - უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ. მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა.
14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.
დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა და იგივე წესები გავრცელდა საქართველოს საბანკო სექტორზეც.
19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არგუმენტები:
- "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
- "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას დროში დაემთხვა საქართველოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება 40-ზე მეტ ვალუტასთან, მათ შორის - ევროსა და დოლართან.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანების შემდეგ, 20 სექტემბერს, თანამდებობიდან გადადგა ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი.