Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი 40-ზე მეტ ვალუტასთან გაუფასურდა, მათ შორის დოლართან და ევროსთან


ფოტოილუსტრაცია: ქართული ლარი
ფოტოილუსტრაცია: ქართული ლარი

საქართველოს ეროვნული ფულის ერთეული - ლარი - გაუფასურდა 40-ზე მეტ სხვა ვალუტასთან, მათ შორის დოლართან და ევროსთან. განახლებული კურსი ძალაში შევა ხვალიდან, 21 სექტემბრიდან.

ლარის გაუფასურებას წინ უსწრებდა გუშინ, 19 სექტემბერს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აშშ-ს მიერ სანქცირებულ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეზე ფინანსური სანქციები ქვეყანაში აღარ უნდა გავრცელებულიყო.
  • ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა 3,38 თეთრით;
  • ლარი ევროსთან მიმართებით გაუფასურდა 3,6 თეთრით.

ხვალინდელი ლარის კურსი:

  • 1 დოლარი ეღირება 2,675 ლარი;
  • 1 ევრო ეღირება 2,8631 ლარი.

ლარის გაუფასურება უკვე ასახულია ქვეყნის უმსხვილეს ბანკებში [18:46 სთ].

"თიბისი ბანკი":

  • 1 დოლარის ყიდვა - 2,74 ლარი; გაყიდვა - 2,64 ლარი;
  • 1 ევროს ყიდვა - 2,954 ლარი; გაყიდვა - 2,814 ლარი.

"საქართველოს ბანკი":

  • 1 დოლარის ყიდვა - 2,735 ლარი; გაყიდვა - 2,635 ლარი;
  • 1 ევროს ყიდვა - 2,946 ლარი; გაყიდვა - 2,815 ლარი.

ლარის გაუფასურების ფონია ეროვნულ ბანკში მიმდინარე პროცესები. ბანკში თანამდებობა დატოვა სამმა ვიცე-პრეზიდენტმა და ერთმა მრჩეველმა.

გუშინ, 19 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.

ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით გუშინ, 19 სექტემბერს, გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:

  • "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
  • "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".

ყველაზე დიდი ბანკები, "თიბისი ბანკი" და "საქართველო ბანკი", აცხადებენ, რომ აგრძელებენ საერთაშორისო სანქციებით დაწესებული რეგულაციების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რა რეგულაცია აქვს მიღებული ეროვნულ ბანკს.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.

XS
SM
MD
LG