Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ელჩებთან ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

21 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის ელჩებს, ასევე - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხები განიხილეს.

შეხვედრის შემდეგ დიპლომატებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელთან შეხვედრაზე.

19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომლის პრეზიდენტის მოვალეობას ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ასრულებს, გამონაკლისი დაუშვა სანქცირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა უნდა მისცემოდა.

საქართველოს ორი უმსხვილესი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი" - აცხადებენ, რომ იცავდნენ და დაიცავენ აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო სანქციებით დაწესებულ რეგულაციებს.

ბრძანება, რომელიც ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის სახელით 19 სექტემბერს გამოიცა, გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში. რეგულატორმა ბრძანებაში გაიმეორა მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის კომენტარში ნათქვამი არგუმენტები:

  • "საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია";
  • "საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი".

20 სექტემბერს ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ, არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამ, თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. გადადგა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში ასევე წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" უნდა შეზღუდოდა.

XS
SM
MD
LG