პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში მედიასთან კომენტარში განმარტა, რატომ დაუჭირეს მხარი ეროვნული ბანკის საბჭოს ორ ვაკანტურ ადგილზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციას ეროვნული ბანკის საბოტაჟი სურდათ, რაც, მისი სიტყვებით, „უღირსი“ საქციელია.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს, ნანა ყეინიშვილსა და თეიმურაზ ხომერიკს, კანდიდატურების მოხსნა სთხოვეს. კობახიძის თქმით, შეხვედრის შესახებ ინფორმაციაზე ორი კანდიდატიდან ერთ-ერთის მონაყოლის მიხედვით, გადმოცემით იცის. რადიო თავისუფლება ცდილობს სავარაუდო შეხვედრის შესაძლო მონაწილეებთან ინფორმაციის გადამოწმებას.
ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის სურვილი იყო „კიდევ ერთხელ კონკრეტული კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟი“, რისი საშუალებაც არ მიეცათ.
"მათი გათვლა რა არის - წლის ბოლოსთვის, ნოემბრის ბოლოსთვის საბჭოში გვრჩებოდა სამი წევრი. ასეთ დროს ინსტიტუტი ვეღარ გააგრძელებდა ეფექტიან საქმიანობას. როცა ასე ღიად მიდიხარ კონსტიტუციური ორგანოს საბოტაჟზე, ჩანს, რა არის მათი მიზანი. პირდაპირ ცდილობენ ყველაფერი და ყველა გაიყვანონ კონსტიტუციური ჩარჩოებიდან და კიდევ ერთხელ მოხდა ამ ალიანსის ლუსტრაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ
პარლამენტში კენჭისყრამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეწვია ეროვნული ბანკის საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე თავის მიერ წარდგენილი ორი კანდიდატურა. როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ უთხრა ჟურნალისტებს, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებამდე ამბობს უარს კანდიდატების წარდგენაზე.
კობახიძის თქმით, „ეს არის უკიდურესად უღირსი ქმედება, როდესაც საკუთარ წარმოდგენილ კანდიდატებზე ამბობ უარს ერთადერთი მიზეზის, ეროვნული ბანკის საბოტაჟის გამო“.
გუშინ, 20 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტი გადადგა. ეროვნული ბანკი დატოვა სების პრეზიდენტის მრჩეველმაც.
რამდენიმე თვის განმავლობაში ეროვნული ბანკის 9-წევრიანი საბჭო მხოლოდ 7 წევრით იყო დაკომპლექტებული. ორი ადგილი ვაკანტური იყო. ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის თანახმად, თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. გუშინდელი, 20 სექტემბრის, მდგომარეობით, საბჭოში მხოლოდ 4 წვერი რჩებოდა: ნათია თურნავა, ეკა გალდავა, ეკა მიქაბაძე და რიჩარდ სინგლეტარი.
ეროვნული საბჭოს სამი ვიცე-პრეზიდენტისა და სების პრეზიდენტის მრჩევლის გადადგომის ფონი იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ამასთან, როგორც მედიასთან კომენტარში თქვა ირაკლი კობახიძემ, „იდეალური სურათი“ გამოჩნდა ეროვნული ბანკიდან სამი ვიცე-პრეზიდენტის წასვლისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ.
„რა შედეგი მივიღეთ, ერთი, იმ 150 კაცზე ვრცელდება იმ სიიდან [აშშ-მა ოთარ ფარცხალაძესთან ერთად სანქციები კიდევ 149 ადამიანს დაუწესა] სანქციები, არავითარი პრობლემა არაფერს არ ექმნება - არც საბანკო სექტორს, არც საფინანსო ინსტიტუტებს, ზოგადად, არც ეროვნულ ბანკს. დამთავრდა, ამოიწურა ეს საკითხი. ასე დაჯდა ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა შემოღებული, რომ საქართველოს მოქალაქეების და ქართული კომპანიების კონსტიტუციური უფლებები ვერ იქნება დარღვეული და ასევე ეროვნული ბანკი გასუფთავდა. იდეალური სურათი მიიღო სახელმწიფომ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მისი თქმით, თავის დროზე აბსოლუტურად უწყინარი ცვლილება შეიტანეს ეროვნული ბანკის შესახებ კანონში, როდესაც შემოიღეს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მაშინ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ „კრიტიკულ მომენტში წავიდოდნენ საბოტაჟზე".
დღეს, 21 სექტემბერს, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით, 84 ხმით, ეროვნული ბანკის საბჭოში არსებულ ვაკანტურ ადგილზე ნანა ყეინიშვილი აირჩია, კიდევ ერთ ვაკანტურ ადგილზე 82 ხმით კი - თეიმურაზ ხომერიკი.
მანამდე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა კანდიდატურების არჩევის საკითხზე პარლამენტს დღევანდელ სხდომაზე უარყოფითი დასკვნა წარუდგინეს. კომიტეტის სხდომას კანდიდატები არ ესწრებოდნენ, თუმცა არსებობდა წარდგინებაზე მათი თანხმობა.
სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს რამდენიმე დღის წინ შესთავაზა თეიმურაზ ხომერიკისა და ნანა ყეინიშვილის კანდიდატურები.
- ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი იყო „ქართული ოცნებიდან". ის საქმიანობდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობებზე. მან მმართველი პარტია 2016 წლის აგვისტოში დატოვა;
- თეიმურაზ ხომერიკი სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისში საქმიანობს.
14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსანს, ივანიშვილების ოჯახთან დაახლოებულ „ქართველ-რუს ოლიგარქს“, ბიზნესმენ ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესა. საქართველოს საბანკო სექტორმა, რომელიც საერთაშორისო საფინანსო სანქციებს ემორჩილება, ფარცხალაძეზე დაკისრებული სანქციები გაითვალისწინა და მას ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა. თავდაპირველად, 17 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებმა) განაცხადა, რომ ეს ასეც უნდა ხდებოდეს და ზოგადი მითითება ყველა სანქცირებულ პირზე ვრცელდება. ამაზე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სების გადაწყვეტილება „არაკონსტიტუციურია“. მეორე დღეს, 18 სექტემბერს, სების პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ნათია თურნავამ ზუსტად ამ არგუმენტით გამოსცა ბრძანება და „გამონაკლისი“ დაუშვა. ბრძანების თანახმად, კომერციულ ბანკებს სებისგან მოეხსნათ სანქციების გავრცელების ვალდებულება საქართველოს მოქალაქეზე, თუკი მას საქართველოს სასამართლო სისტემაში არ აქვს ბრალი დამტკიცებული.