ანექსირებულ ყირიმზე დღევანდელი შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების ერთობლივი სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა გამოცემებს, Українська правда-ს და РБК-Україна-ს.
წყაროს თანახმად, უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით „ნეპტუნი“ ძლიერი დარტყმა მიაყენეს საკის აეროდრომს, სადაც განთავსებული იყო რუსეთის სულ მცირე 12 საბრძოლო თვითმფრინავი(სუ-24 და სუ-30) და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „პანცირი“. წყაროს ინფორმაციით, საკის აეროდრომზეა უპილოტო საფრენი აპარატების, Mojaher-ის ოპერატორთა მომზადების ბაზაც.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეტევისას ჯერ გამოიყენეს დრონები, რათა რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემას დიდი დატვირთვა ჰქონოდა, შემდეგ კი - რაკეტები „ნეპტუნი“. წყარო დეტალების დაკონკრეტების გარეშე ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების ტექნიკას სერიოზული ზიანი მიაყენეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს, 21 სექტემბერს, განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ყირიმის ტერიტორიის და შავი ზღვის აკვატორიის თავზე გაანადგურეს თვითმფრინავის ტიპის 19 უპილოტო საფრენი აპარატი. რომელ რაიონებში და არის თუ არა ნგრევა ან მსხვერპლი, დაკონკრეტებული არ ყოფილა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ისევ გამოიყენა სტანდარტული ფორმულირება, რომ „აღკვეთილია კიევის რეჟიმის მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატებით განეხორციელებინა ტერორისტული შეტევა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე“.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, ყირიმზე შეტევისას დაიღუპა სულ მცირე 30 რუსი სამხედრო.