საქართველოს მთავრობის იმ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, რომელიც ითვალისწინებს სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების განულებას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში უნივერსიტეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას წყარო ატყობინებს.
როგორც წყარომ გვიამბო, განათლების სამინისტროში უნივერსიტეტების წარმომადგენლებს სთხოვეს, უნივერსიტეტებმა საკუთარი სახსრებით გააუნულონ სტუდენტებს დავალიანება.
ჩვენი ინფორმაციით, ამ წინადადებას უნივერსიტეტების უმრავლესობა დასთანხმდა, მაგრამ უარი განაცხადეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა.
თბილისის თავისუფალმა უნივერსიტეტმა და საქართველოს აგრარულმა უნივერსიტეტმა რადიო თავისუფლებას წერილობითი განცხადება მიაწოდეს სტუდენტების სწავლის საფასურის საკითხზე. როგორც მასშია ნათქვამი, ისინი სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს ყოველ წელს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე.
„კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდის მიერ დაფუძნებული თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი წლებია ეწევიან და გააგრძელებენ სტუდენტების განათლებისა და კვლევის მხარდაჭერას სხვადასხვა შიდა რესურსით.
ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისათვის სოციალურად დაუცველ ყველა სტუდენტს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები ყოველ წელს სრულად უფინანსებს სწავლის საფასურს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე.
ბოლო 4 აკადემიური წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებამ დაახლოებით 2.5 მილიონი ლარი შეადგინა. ეს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ სოციალურად დაუცველს, რომელსაც სწავლა სურს თავისუფალ ან აგრარულ უნივერსიტეტებში, უფასოდ მიიღოს მაღალი ხარისხის განათლება.
აღსანიშნავია, რომ ცოდნის ფონდი თავისუფალი უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, ყოველგვარი დამატებითი წინაპირობის გარეშე, ყოველწლიურად უფინანსებს სწავლის საფასურის ნაწილს. ამ დაფინანსებამ ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჯამში დაახლოებით 40 მილიონი ლარი შეადგინა.
ამავე დროს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები საბაკალავრო პროგრამის თითოეულ სტუდენტს, პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების გარდა, უფასოდ ანიჭებს დამატებით 15 კრედიტს, რაც თითოეული სტუდენტისათვის დაახლოებით 1500 ლარის დაფინანსებას გულისხმობს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები აღნიშნავენ, რომ მათ სტუდენტებს ვადაგადაცილებულ გადახდებზე არ ერიცხებათ ჯარიმები და საურავები.
„თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში სწავლა უფინანსდებათ ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადების მონაწილეებსა და პრიზიორებს. ცოდნის ფონდი ერთი წლის სწავლის საფასურს უფინანსებს ეროვნულ გამოცდებში საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტებს, რომლებიც თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტში აბარებენ. ცოდნის ფონდი ასევე აფინანსებს სტუდენტების საერთაშორისო თუ ადგილობრივ კონკურსებსა და კონფერენციებში მონაწილეობას.
საგულისხმოა, რომ დაწყებული სემესტრის პირველი 30 კალენდარული დღის განმავლობაში ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია გადახდილი თანხა უკან დაიბრუნოს აკადემიურ შვებულებაში გასვლის შემთხვევაში. ასევე, სტუდენტს შეუძლია სემესტრული სწავლის დაწყება სწავლის საფასურის წინასწარ გადახდის გარეშე.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების სტუდენტებს ვადაგადაცილებულ გადახდებზე არ ერიცხებათ ჯარიმები და საურავები.
კახა ბენდუქიძის ცოდნის ფონდმა 2007-2023 წლებში ხარისხიანი განათლებისა და კვლევის ხელმისაწვდომობისათვის 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, რომელიც გამორჩეული კერძო საქველმოქმედო ინვესტიციაა განათლებისა და მეცნიერების სფეროში საქართველოს მასშტაბით.
ამ კონტექსტში აღვნიშნავთ, რომ ვაფასებთ და გვინდა, მადლიერება გამოვხატოთ ათასობით სტუდენტისა და მათი ოჯახების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლობით და პატიოსნად, საკუთარი შრომის შედეგად, იხდიან სწავლის საფასურს.
ვაცხადებთ, რომ თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები კვლავაც გააგრძელებენ ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის პოლიტიკას", - ნათქვამია განცხადებაში.
განახლება
21 სექტემბერს, განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის 15 სექტემბრის დაპირების შემდეგ სახელმწიფოს მიერ სტუდენტების ვალების გაბულებაზე, მათ კერძო უნივერსიტეტებს შესთავაზეს სტუდენტების დავალიანების „ობიექტური საბაზრო ღირებულების ანაზღაურება“ (20%), რასაც დათანხმდა ყველა უნივერსიტეტი, გარდა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტებისა.
„მათ, ალბათ, სხვა მოტივაცია აქვთ. ჩვენი ბაზების მიხედვით, ამ ეტაპზე მათ ჰყავთ სტატუსშეჩერებული 1000-მდე სტუდენტი, რომელთა დავალიანება ვერ განულდება, თუმცა, სურვილის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ სხვა უნივერსიტეტში მობილობის სისტემა გამოიყენონ“, - თქვა გიორგი ამილახვარმა.
15 სექტემბერს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ყველა იმ სტუდენტს, რომლებსაც ფინანსური დავალიანების გამო აქვთ სტატუსი შეწყვეტილი, გაუნულდება დავალიანება. „მათ შეეძლებათ სურვილის შემთხვევაში აღიდგინონ სტატუსი და გააგრძელონ სწავლა თავიან უნივერსიტეტებში. ეს არის დაახლოებით 40 მილიონი ლარი", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მოგვიანებით პრემიერის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე დაიწერა, რომ ფინანსური დავალიანება 30 ათასამდე სტუდენტს ჰქონდა.