Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შესწავლა დაწყებული აქვს იუსტიციის სამინისტროს - კობახიძე


ირაკლი კობახიძე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს დაწყებული აქვს შესწავლა საკითხისა, აქვს თუ არა მიღებული სხვა ქვეყნის მოქალაქეობა ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და დაირღვა თუ არა საქართველოს კანონმდებლობა. ირაკლი კობახიძე, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და პარლამენტის წევრი, ამბობს, რომ ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა.

"დღემდე ოთარ ფარცხალაძე არის საქართველოს მოქალაქე. მე არ ვიცი [რომ რუსეთის მოქალაქეა], მაგრამ საქართველოს მოქალაქეა. ყველაფერი შეიძლება იქნას შესწავლილი... მე როგორც ვიცი, იუსტიციის სამინისტროს აქვს დაწყებული მოქალაქეობის შესწავლა. ეს არის ცალკე თემა, მაგრამ ვიდრე პირი არის საქართველოს მოქალაქე, მასზე ვერ გავრცელდება ის რეჟიმი, რაც შეიძლება გავრცელდეს არამოქალაქეზე", - თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან კომენტარში.

რადიო თავისუფლება დაუკავშირდა იუსტიციის სამინისტროს იმის დასაზუსტებლად, დაწყებულია თუ არა ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის მოკვლევა. უწყების პასუხი, მიღების შემთხვევაში, მასალაში აისახება.

რედაქცია ასევე დაუკავშირდა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სამოქალაქო რეესტრს, სადაც გვითხრეს, რომ პირად ინფორმაციას ვერ გასცემენ.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

ფარცხალაძე რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის, მენეჯმენტის საკონსულტაციო სექტორში მუშაობისთვის ან საქმიანობისთვის მოხვდა სიაში და ფლობს საკონსულტაციო კომპანიებში, შპს MOSCOW BUSINESS BROKERAGE-სა და შპს INTERNATIONAL BUSINESS CORPORATION-ში, 50-პროცენტიან წილს ალექსანდრ ონიშჩენკოსთან ერთად. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია.

დოკუმენტის მიხედვით, სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერი ონიშჩენკო დაეხმარა "თანამოაზრე" ფარცხალაძეს რუსული პასპორტის და შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის მიღებაშიც. ფარცხალაძეს "სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა და რეგულარულად მგზავრობს რუსეთში". ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს "ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოხდენაში იყენებენ". დოკუმენტში წერია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო ონიშჩენკოსა და ФСБ-სთან კავშირით.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, "აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება" შეეზღუდა.

XS
SM
MD
LG