Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგამოძიებო ანგარიშით, ბელარუსმა 14 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა ლუკაშენკას ახალ რეზიდენციაზე


ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი
ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი

როგორც ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან დაპირისპირებული ყოფილი სამართალდამცავების ჯგუფის, BelPol-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მინსკში ლუკაშენკასთვის განკუთვნილი ერთ-ერთი შენობის რემონტზე 14 მლნ დოლარი დაიხარჯა. ძალოვანი უწყებების ყოფილი წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მიიღეს სასახლის ამსახველი ასობით დოკუმენტი. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური პორტალ BelPol-ის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით წერს, რომ ბელარუსში მსგავსი გამოძიება აქამდე არ ჩატარებულა.

გამოძიების შესახებ BelPol-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი მატვეი კუპრეიჩიკი ჰყვება. მისი ინფორმაციით, ლუკაშენკას ახალი რეზიდენცია მინსკში, კრასნოარმეისკის 15 ნომერში მდებარეობს, ყოფილი სამკურნალო დაწესებულების შენობაში. ტერიტორია მნახველებისთვის დახურულია, დამონტაჟებულია მრავალი ვიდეოსათვალთვალო კამერა, დგანან დაცვის თანამშრომლები.

„ჩვენ მრავალი დოკუმენტი ვნახეთ როგორც ღია წყაროებში, ასევე სხვადასხვა მოწყობილობის განთავსებისთვის დადებული ხელშეკრულებები, რომლებშიც კონკრეტულადაა მითითებული, რომ ისინი შეძენილია დიქტატორის პირადი განკარგულებით“, - ამბობს კუპრეიჩიკი.

„Нашей Нівы-ის" თანახმად, საუბარია ობიექტზე, რომელშიც ბელარუსის ეროვნული კრების თავმჯდომარის რეზიდენცია უნდა განთავსდეს. ეს შესწორება ლუკაშენკამ კონსტიტუციაში 2022 წელს შეიტანა. კუპრეიჩიკის თანახმად, ეს ინფორმაცია გადამოწმებულია.

„100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ამ რეზიდენციას ლუკაშენკოსთვის ამზადებენ, ჩვენს ხელთ არსებული გარკვეული დოკუმენტების ჩვენება არ შეგვიძლია უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქ ეს ზუსტადაა ნათქვამი, ამიტომაც ვსაუბრობთ დარწმუნებით, დოკუმენტები ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყაროდან მივიღეთ“, - განაცხადა BelPol-ის წარმომადგენელმა.

მისი სიტყვებით, მსგავსი დოკუმენტების გადინება სისტემის სიმტკიცის სისუსტეზე მიანიშნებს და იმაზე, რომ არის ხალხი, ვისაც ცვლილებები სურს და „კონკრეტულ მომენტს“ ელოდება.

ობიექტის მთლიანი ღირებულება 34 645 943 ბელარუსულ რუბლს შეადგენს, რაც თითქმის 14.4 მლნ აშშ დოლარს უდრის.

ირიბად ადასტურებენ, რომ რეზიდენცია ლუკაშენკასთვის აშენდა. დოკუმენტებში, რომლებსაც ხელს აწერს ლუკაშენკას კაპიტალური სამშენებლო განყოფილების უფროსი ევგენი გალინი, ჩანს თანაშემწის, პირადი დაცვის ოთახები, ერთი საძინებელი, ერთი საპროცედურო კაბინეტი

ავტორიტარ ლიდერს ბელარუსის მასშტაბით, სულ მცირე, 17 რეზიდენცია აქვს.

XS
SM
MD
LG