ყაბარდო-ბალყარელ ეფრეიტორს, მადინა კაბალაევას, 6 წლით პატიმრობა მიესაჯა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით, მობილიზაციის პერიოდში განყოფილებაში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისთვის. კაბალაევა ფეხმძიმობის გამო დროებით ვერ მსახურობდა. გამოცემა „კომერსანტის“ თანახმად, ეს სამხედრო მოსამსახურე ქალის მიმართ სისხლის სამართლის ამ მუხლით გამოტანილი პირველი გადაწყვეტილებაა.
სასამართლოში კაბალაევამ თქვა, რომ გამოკვლევა თავისი სამხედრო დანაყოფის სამედიცინო ნაწილში ჩაუტარდა და ექიმებმა სამხედრო სამსახურისგან დროებით თავშეკავება ურჩიეს. მისი თქმით, დარწმუნებული იყო, რომ სამედიცინო ნაწილი ამ ინფორმაციას ხელმძღვანელობას გადასცემდა, რაც არ მოხდა.
სამხედრო პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, კაბალაევას სამსახური არ დაუტოვებია, ანაზღაურებას იღებდა და სხვა შეღავათებით სარგებლობას განაგრძობდა, რაც ნიშნავს, რომ კვლავ აგრძელებდა სამხედრო სამსახურს და გასული წლის სექტემბერში გამოცხადებული მობილიზაციის დროს უნდა გამოცხადებულიყო განყოფილებაში.
მისდამი წარდგენილი მუხლით სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. ვლადიკავკაზის გარნიზონის სამხედრო სასამართლომ კაბალაევას საერთო რეჟიმის კოლონიაში 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის აღსრულება 2032 წლამდე გადაიდო, ვინაიდან კაბალაევას ხუთი წლის შვილი ჰყავს.
ადვოკატმა რომან რაბადანოვმა განაჩენი გაასაჩივრა. მისი სიტყვებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ასეულის მეთაური და მოწმის სახით დაკითხული სამხედრო ნაწილის სხვა მოსამსახურეები დაინტერესებული იყვნენ სისხლის სამართლის საქმის შედეგით. ბრალდებული „უხალისოდ დათანხმდა“ განაჩენის გასაჩივრებას, თქვა ადვოკატმა. სამხრეთის რაიონულმა სამხედრო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
2022 წლის შემოდგომაზე, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის ფონზე, ცვლილებები შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებში, რომლებიც ეხება სამხედრო სამსახურს. მათ შორის, გამკაცრდა სასჯელი გამოუცხადებლობასა და სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაზე.
გარნიზონის სამხედრო სასამართლოები, ამ ტიპის საქმეების განხილვისას, მიუთითებენ იმაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტს მობილიზაციის დასრულების შესახებ ბრძანება არ გამოუცია, შესაბამისად, სამობილიზაციო პერიოდი გრძელდება, რაც ნიშნავს, რომ შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლება შეუძლებელია.