Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამდებობიდან გაათავისუფლეს უკრაინის თავდაცვის მინისტრის 6 მოადგილე


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს ახალი მინისტრი რუსტემ უმეროვი 2023 წლის 7 სექტემბერს წარუდგინა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის სამინისტროს და გენერალურ შტაბს ახალი მინისტრი რუსტემ უმეროვი 2023 წლის 7 სექტემბერს წარუდგინა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თანამდებობებიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები ვოლოდიმირ გავრილოვი, როსტისლავ ზემლინსკი, ანა მალიარი, დენის შარაპოვი, ანდრი შევჩენკო და ვიტალი დეინეგა და სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კონსტანტინ ვაშჩენკო.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვეტილება დღეს, 18 სექტემბერს, მიიღო.

გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილემ თანამდებობიდან გათავისუფლების განცხადება ახალი მინისტრის, რუსტემ უმეროვის თხოვნით დაწერა. მათი შემცვლელების დანიშვნა კონსულტაციების შედეგად გადაწყდება. გამოცემის ერთ-ერთი წყაროს თანახმად, „მიმდინარეობს სრული განახლება".

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2023 წლის 3 სექტემბერს დაადასტურა მანამდე მედიით გავრცელებული ცნობები, რომ მისი გადაწყვეტილებით, ოლექსი რეზნიკოვი დატოვებს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას. ზელენსკიმ მიზეზად ის დაასახელა, რომ რეზნიკოვმა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა და ახლა თავდაცვის სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან.

ინფორმაცია, რომ რეზნიკოვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, პირველად იანვრის ბოლოს გავრცელდა, რასაც წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება სამხედროთა კვებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემის შესახებ.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ოლექსი რეზნიკოვის შემცვლელად პარლამენტს წარუდგინა სახელმწიფო ქონების მართვის ფონდის ხელმძღვანელის, რუსტემ უმეროვის კანდიდატურა. 5 სექტემბერს უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზნიკოვის გადადგომას, 6 სექტემბერს კი - თავდაცვის მინისტრად უმეროვის დანიშვნას.

XS
SM
MD
LG