Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჯორჯიან ეარვეისმა" სამთავრობო თვითმფრინავის პირადი მიზნებით გამოყენებაზე დეპუტატის კითხვებს არ უპასუხა


ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდი
ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდი

"ჯორჯიან ეარვეისი" პარლამენტის დეპუტატსაც კი არ აძლევს ინფორმაციას, ვინ გამოიყენა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი, კერძო ვიზიტებისთვის. ავიაკომპანიამ, რომლის ერთ-ერთი მთავარი დამკვეთი სახელმწიფოა, ოპოზიციონერ დეპუტატს მისწერა, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია "სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოა".

ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ "ჯორჯიან ეარვეისს" 12 სექტემბერს მისწერა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო ბორტი პირადი მიზნებისთვის გამოიყენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შვილი, ნიკოლოზ ღარიბაშვილი ევროპაში ჩაიყვანა.

დეპუტატს აინტერესებდა:

  • სრულდებოდა თუ არა სამთავრობო ხომალდით კომერციული ფრენებიც (რა შემთხვევაში, ვის შეუძლია ამ სერვისით სარგებლობა და რა წესებით ხელმძღვანელობს ავიაკომპანია);
  • რა შემთხვევაში შეუძლია ავიაკომპანიას სამთავრობო თვითმფრინავის გამოყენება კომერციული მიზნებისთვის (როგორია ამ თვითმფრინავის გამოყენების ზოგადი წესი, ვისი მიმართვა უნდა არსებობდეს);
  • რამდენი კომერციული ფრენა აქვს შესრულებული ავიაკომპანიას სამთავრობო ბორტით, რომელი ქვეყნების მიმართულებით, ვისი დაკვეთით და რა შემოსავალი მიიღო.

დეპუტატის ამ კითხვებს ავიაკომპანიამ ასე უპასუხა: "პასუხად გაცნობებთ, რომ მასში [წერილში] მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენს სახელმწიფო და კომერციულ საიდუმლოებას, რის გამოც მოკლებული ვართ შესაძლებლობას დავაკმაყოფილოთ თქვენი თხოვნა".

სამთავრობო ბორტით კომერციული ფრენების შესრულებასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ მიმართა როგორც კომპანია "ჯორჯიან ეარვეისს", ისე სახელმწიფო დაცვის სამსახურსა და მთავრობის ადმინისტრაციას. წერილზე პასუხი გამოცემას ამ დრომდე არ მიუღია.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვილის, ნიკოლოზ ღარიბაშვილის ევროპაში ჩასაყვანად სამთავრობო ბორტი გამოიყენა.

მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით, ეს იყო კომერციული ჩარტერული რეისი. სახელმწიფო დაცვის სამსახურმა კი განმარტა, რომ ევროპამდე ჩარტერული ფრენის საფასური გადაიხადა ტარიელ ღარიბაშვილმა (ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის მამის სახელი).

როგორც დღეს, 15 სექტემბერს გაირკვა, ეს არ ყოფილა ერთადერთი შემთხვევა, როცა ხელისუფლების წარმომადგენელმა სამთავრობო ბორტი პირადი ფრენისთვის გამოიყენა. კახა კალაძე, პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი და თბილისის მერი "TV პირველთან" საუბრის დროს ამბობდა, რომ მასაც გამოუყენებია, თუმცა თავად დაფარა ხარჯი.

"ეს იყო პირადი მოგზაურობა და პირადი ხარჯი. ყველაფერი არის დეკლარაციაში ჩემს ხარჯებთან დაკავშირებით. ხშირად გამომიყენებია სამთავრობო თვითმფრინავი, ყოფილა ჩემი დაკვეთით და მე გადამიხდია ფული, ყოფილა შემთხვევა, სხვას გადაუხდია და უბრალოდ, გავყოლივარ", - ამბობდა კალაძე.

XS
SM
MD
LG