Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ გაამართლა ლავროვის შვილის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 11 ადამიანი


20 მაისი. "ყვარლის ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს საპოლიციო ძალები ჰყავს მობილიზებული
20 მაისი. "ყვარლის ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე შსს-ს საპოლიციო ძალები ჰყავს მობილიზებული

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ არ გამოიყენა ჯარიმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის საქართველოში ჩამოსვლის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული არცერთი ადამიანის წინააღმდეგ. დღეს, 13 სექტემბერს, მოსამართლე იოსებ აბრამიძემ 20 მაისს "ყვარლის ტბის" მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული 14 ადამიანიდან მხოლოდ სამს მისცა სიტყვიერი შენიშვნა, დანარჩენი 11 - გაამართლა.

ამ მოსამართლის აცილება მოითხოვა 25 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

პოლიცია ყველა მათგანს ედავებოდა "კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას" და "წვრილმან ხულიგნობას" - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას.

მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა ალექსანდრე მირახოვს, ტიტე გედენიძესა და შუშანა მაცაბერიძეს. საქმის წარმოება შეწყდა რამაზ ქერეჭაშვილის, ბექა პაპაშვილის, დავით იმედაშვილის, დიმიტრი ჩიქოვანის, თამაზ ჩხობაძის, გიორგი გეწაძის, ლაშა ხუსკივაძის, გიორგი მირახოვის, ნიკოლოზ ნარსიას, გელა ხასაიასა და ნიკოლოზ ღონიაშვილის მიმართ.

„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს გაიმართა. იგი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და იქვე იგეგმებოდა ლავროვის შვილის მაზლის საქორწინო წვეულება.

20 მაისს ყვარლის ტბასთან აქციის გამართვამდე დააკავეს თბილისის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ირაკლი ეძგვერაძე. ამ საქმეს გურჯაანის სასამართლო ცალკე განიხილავს და გადაწყვეტილება 14 სექტემბერს გამოცხადდება.

XS
SM
MD
LG