გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გაიმართა სასტუმრო „ყვარლის ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მაისს გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა. 20 მაისს სასტუმროსთან შეკრებილები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდნენ. 14 დაკავებულის სხდომა დღეს, 25 ივლისს, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
სხდომის დაწყებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ საქმის მოსამართლის, იოსებ აბრამიძის აცილება მოითხოვა.
„მიმდინარე წლის ივლისში, შსს-მ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობაში არსებულ დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატს საჩივრით მიმართა გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იოსებ აბრამიძის მიმართ, მისი მხრიდან განხორციელებულ პროცესუალურ დარღვევებზე რეაგირების მიზნით. შესაბამისად, მოცემულ მომენტში მოსამართლეს უწევს იმ ორგანოზე გადაწყვეტილების მიღება, რომლის საჩივრის საფუძველზე შესაძლოა, მის მიმართ დაიწყოს დისციპლინური საქმის წარმოება. შს სამინისტრო არ არის დარწმუნებული, რომ მოსამართლე მოცემულ შემთხვევაში შეძლებს შეინარჩუნოს ობიექტურობა. მივიჩნევთ, რომ მოსამართლე აცილებული უნდა იქნას საქმიდან“, - მიმართა სამინისტროს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ მოსამართლე იოსებ აბრამიძეს.
კერესელიძემ თქვა, რომ მათი საჩივარი მიმდინარე საქმეს არ ეხება, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელ საქმეზეა ლაპარაკი.
მოსამართლე იოსებ აბრამიძემ შსს-ს წარმომადგენელს უთხრა, რომ მის წინააღმდეგ დისციპლინური სარჩელის შესახებ დღეს, 25 ივლისს, პირველად გაიგო.
„ის, რომ თქვენ საჩივრით მიმართეთ დამოუკიდებელი ინსპექტორის აპარატს, ეს ჩემი აცილების შუამდგომლობის საფუძველი არ არის. მით უმეტეს არ ვიცით, რა შინაარსის საჩივარია და რა საქმეზე. ამიტომ ვფიქრობ, რომ აცილების შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ ვაკმაყოფილებ“, - განმარტა მოსამართლე აბრამიძემ და სასამართლო პროცესზე მისული მოწმე პოლიციელების გამოკითხვა დაიწყო.
პროცესზე სულ 10-მდე პოლიციელი დაიკითხა. მათი ნაწილი ყვარლის, ნაწილი კი თელავის სამხარეო პოლიციის თანამშრომელია.
ყვარლის პოლიციის წარმომადგენელმა გიორგი ხანდაურმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 20 მაისს მან დააკავა აქციის მონაწილე ლაშა ხუსკივაძე.
„20 მაისს შემოვიდა შეტყობინება, რომ კერძო საკუთრებაში შედიოდნენ უცხო პირები. მივედით ყვარლის ტბასთან არსებულ შლაგბაუმთან, სადაც ხალხი იყო შეკრებილი. ისინი ცდილობდნენ შიგნით შესვლას, მათ შორის - ხუსკივაძე. ამ დროს ტბის ტერიტორიიდან გამოდიოდა მიკროავტობუსი. აქციის მონაწილეებმა, მათ შორის ლაშამ, ავტობუსს დაუშინა კვერცხები და იგინებოდა, მათ შორის პოლიციელებს აგინებდა. ჩვენი მოწოდების შემდეგ, რომ დაწყნარებულიყვნენ, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიული”, - თქვა პოლიციელმა.
მას შეკითხვები დაუსვა თავად ლაშა ხუსკივაძემ. კონკრეტულად კი, აგინებდა თუ არა პირადად მას და სხვა სამართალდამცავებს, რაზეც პოლიციელმა უპასუხა, რომ ხუსკივაძე პოლიციელებსაც აგინებდა.
ამის შემდეგ ხუსკივაძემ პოლიციელი ცრუ ჩვენების მიცემაში დაადანაშაულა და ამის მაგალითად დაასახელა დაკავების შემდეგ შედგენილი ოქმი, რომელშიც პოლიციელს არაფერი დაუწერია ხუსკივაძის მიერ პოლიციელების გინებაზე.
პასუხად პოლიციელმა გიორგი ხანდაურმა თქვა, რომ ოქმი პირადად მას არ შეუდგენია.
ხანდაურის გარდა, მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე გამოიკითხნენ პოლიციელები ირაკლი ლოლაშვილი, რატი ოსიაშვილი, თორნიკე გოჩიაშვილი და სხვა. ყველა მათგანი თითქმის ერთნაირ ისტორიას მოჰყვა.
სასამართლო სხდომას დაესწრო 2023 წლის 20 მაისს ყვარლის ტბასთან დაკავებული შუშანა მაცაბერიძე.
„კურიოზული მდგომარეობა ხდებოდა სასამართლოში. შს სამინისტროს იურისტები ითხოვდნენ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მოსამართლეებს... ჩვენ წლებია, ამას ვითხოვთ და სამინისტრომ დღეს გადაწყვიტა, რომ ამის დროს იყო“, - უთხრა ჟურნალისტებს მაცაბერიძემ.
ადმინისტრაციულ გადაცდომაში ბრალდებულმა ყველა პირმა თქვა, რომ კანონი არ დაურღვევია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტივისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაცდომას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი ბრძანებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„ყვარლის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია 20 მაისს გაიმართა. იგი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ოჯახის წევრები და იქვე იგეგმებოდა ლავროვის ქალიშვილის მაზლის საქორწინო წვეულება.
გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სასტუმრო „ყვარლის ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე 20 მაისს დაკავებულების სასამართლო სხდომა 4 და 5 სექტემბერს განახლდება.