Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს სევასტოპოლზე სარაკეტო შეტევას


ხანძარი სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის ტერიტორიაზე. 2023 წლის 13 სექტემბერი
ხანძარი სევასტოპოლის საზღვაო ქარხნის ტერიტორიაზე. 2023 წლის 13 სექტემბერი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს დილით განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 ფრთოსანი რაკეტით შეუტიეს სევასტოპოლში მდებარე სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხანას, სადაც გემებს არემონტებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის საშუალებებით 7 რაკეტა ჩამოაგდეს, დანარჩენი რაკეტების დარტყმის შედეგად კი დაზიანდა ქარხანაში სარემონტოდ მყოფი 2 გემი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გასულ ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს შეუტიეს 3 უეკიპაჟო კატერით და სამივე გაანადგურა საპატრულო გემმა „ვასილი ბიკოვმა“.

ეს ცნობები სხვა წყაროებით გადამოწმებული არ არის. სევასტოპოლზე შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს.

13 სექტემბერს, გამთენიისას, რამდენიმე აფეთქება მოხდა უკრაინის ქალაქ სევასტოპოლში, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა, მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ „არასამოქალაქო ობიექტზე“ ხანძარია, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, გამოიწვია „მტრის" სარაკეტო შეტევამ. ე.წ. გუბერნატორი ირწმუნებოდა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემამ იმუშავა.

მოგვიანებით რაზვოჟაევმა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმად, ხანძარია „სევმორზავოდის" (სევასტოპოლის საზღვაო ქარხანა) ტერიტორიაზე, სადაც 24 ადამიანი დაშავდა.

სევასტოპოლის საზღვაო ქარხანაში, რომელიც ბოლშევიკ სერგო ორჯონიკიძის სახელობისაა, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებს აშენებენ და არემონტებენ.

XS
SM
MD
LG