პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გააკრიტიკა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე, რომელიც პარლამენტში იმ დეპუტატების ხელმოწერების გასაცნობად მივიდა, რომლებსაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი შეაქვთ.
პაპუაშვილმა მსხილაძეს კორექტულობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ის უნდა ჩაეტიოს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში.
„რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცესს, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე, ქვეყნის ძირითად კანონზე და როდესაც ხდება ამ კანონის განზრახ, უხეში დარღვევა, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ოპოზიციის და ზოგიერთი არასამთავრობოს მხრიდან დამოკიდებულება აჩვენებს, რომ უდიერად ეპყრობიან კონსტიტუციას. საუბარია, რომ კი, შეიძლება, დაირღვა კონსტიტუცია, მაგრამ... ეს „მაგრამ" არის მიუღებელი და ამიტომაც იყო ჩვენი რეაგირება, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს და სათანადო შეფასება მისცეს. ეს არის ხალხის მიერ მიღებული კონსტიტუცია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ხალხმა იზრუნოს, მისი კონსტიტუცია იყოს დაცული. ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს კონსტიტუციას, არავინ სცემს პატივს ჩვენს კონსტიტუციას. ევროპული სტანდარტია კონსტიტუციის დაცვა. მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ჩაეტიოს საკუთარი უფლებამოსილების, კომპეტენციის ფარგლებში და არ მგონია, ხალხის მიერ არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრებზე ასეთი შეფასებები გამოხატოს. მოვუწოდებ, რომ იყოს კორექტული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გიორგი მსხილაძემ თქვა, რომ მისი პარლამენტში მისვლის მიზანი იყო, ენახა ხელმოწერები, რითაც მმართველი გუნდი გეგმავს, სარჩელით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელის გაცნობის შემდეგ კი პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს, საპარლამენტო უმრავლესობას უპასუხოს. მსხილაძემ მმართველი პარტია რუსეთის „მესიჯბოქსების" განხორციელებაში დაადანაშაულა.
„დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, ეს დაიწყო სწორედ ამ ხელმოწერებით. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ლუსტრაცია დაიწყო იმის, ვინ იქნება ამის მხარდამჭერი და ვინ დაუჭერს პროცესს მხარს. ეს არჩევანი განპირობებულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანით, რაც განპირობებულია კონსტიტუციით. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი.
მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ „მესიჯბოქსს", რომ მათ საქართველოში პრეზიდენტის აქტივობის გარდა, ყველაფერი აკმაყოფილებთ. [რუსეთის ხელისუფლების] ამ განცხადების შემდეგ, რამდენიმე დღეში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. ყველაფერი დღესავით ნათელია - ვისაც დანახვა უნდა, დაინახავს და გაგება უნდა, გაიგებს. როცა ვნახავთ, რა დაწერეს სარჩელში, ამის შემდეგ გვექნება პასუხი“, - განაცხადა მსხილაძემ.
11 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო დოკუმენტის სასამართლოში გასაგზავნად. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგინებას 80 დეპუტატი აწერს ხელს.
"პარლამენტის მიერ შესაბამისი ქმედებები იქნა გაწეული და დადგინდა ყველა ხელმომწერის ნამდვილობა უშუალო კომუნიკაციით. გამომდინარე აქედან, ჩვენც შესაბამის დასკვნას მოვამზადებთ", - თქვა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
დღევანდელი მოცემულობით, საპარლამენტო უმრავლესობას 80-ზე მეტი მანდატი აქვს, თუმცა "მწერალთა სახლის" დირექტორად დანიშნული ქეთევან დუმბაძის უფლებამონაცვლისთვის პარლამენტს ლეგიტიმაცია ჯერ არ მიუნიჭებია, დავით სერგეენკო კი საპარლამენტო საქმიანობაში აღარ არის ჩართული მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ (პირველი მოსმენით) მხარი დაუჭირა ე.წ. აგენტების კანონს.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.
საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანი წარდგინებისთვის საჭიროა მინიმუმ 50 დეპუტატის თანხმობა.
მიმართვის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს პარლამენტს დასკვნა, ამის შემდეგ კი პარლამენტმა პოლიტიკური ვერდიქტი უნდა გამოიტანოს და გადაწყვიტოს, დააყენებს თუ არა კენჭისყრაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს.
ამ პროცესის პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის დედაქალაქებში შეხვედრებს განაგრძობს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტში 100 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. დღევანდელი მოცემულობით, საქართველოს 150-წევრიან პარლამენტს 140 მოქმედი დეპუტატი ჰყავს. მათგან საპარლამენტო უმრავლესობაში შედის 80-ზე მეტი დეპუტატი, საპარლამენტო ოპოზიციაში კი - 56.