Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ სამხედრო აღლუმით აღნიშნა 75 წლის იუბილე


ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ ინი (ცენტრში), რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ (მარცხნივ) და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი ლი ჰონჯონგი (მარჯვნივ). ფხენიანი, 26 ივლისი, 2023.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩონ ინი (ცენტრში), რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ (მარცხნივ) და ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს წევრი ლი ჰონჯონგი (მარჯვნივ). ფხენიანი, 26 ივლისი, 2023.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა სამხედრო აღლუმითა და დიპლომატიური ნაბიჯების სერიით აღნიშნა ქვეყნის დაარსების 75 წლის იუბილე, კერძოდ, პირობა დადო, რომ გააძლიერებს ჩინეთთან და რუსეთთან კავშირებს, იტყობინება შაბათს 9 სექტემბერს Reuters-ი.

ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-ს ცნობით, კიმი პირადად ესწრებოდა აღლუმს ფხენიანში, კიმ ირ სენის სახელობის ცენტრალურ მოედანზე. მან ასევე მოლაპარაკებები გამართა კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩასულ ჩინეთის დელეგაციასთან.

აღლუმზე წარმოდგენილი იყო სარაკეტო დანადგარები, რომლებიც სატვირთო მანქანებსა და ტრაქტორებს გადაჰქონდა. ტასის პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ მოედანზე საზეიმოდ გაიარეს მუშათა და გლეხთა წითელი მილიციის რაზმებმა. Reuters-ი აღნიშნავს, რომ აღლუმის ორგანიზატორები ცდილობდნენ, ხაზი გაესვათ მილიციისა და პარტიზანული მოძრაობის როლისთვის სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისალოც წერილში, რომელიც მან იუბილესთან დაკავშირებით მისწერა კიმს, ხაზგასმულია მისი განზრახვა, გააფართოოს ორმხრივი კავშირები, მათ შორის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კორეის ნახევარკუნძულსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში.

მედიაში კვლავაც იწერება კიმ ჩენ ინის რუსეთში ვიზიტის შესაძლებლობის შესახებ ამ თვის ბოლოს. მოგზაურობის დროს მას სავარაუდოდ მოლაპარაკებები ექნება პუტინთან. მათ შეიძლება ისაუბრონ მოსკოვისთვის იარაღის მიწოდებაზე, უკრაინაში მისი სრულმასშტაბიანი შეჭრის მხარდასაჭერად.

9 სექტემბერს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა კვლავ თავი აარიდა თავი კომენტარს პუტინისა და კიმის მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. „ამჟამად არაფერი მაქვს სათქმელი“, უპასუხა პესკოვმა ჟურნალისტების შეკითხვას. ამასთან, პესკოვმა განაცხადა, რომ 12 სექტემბერს ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე, პუტინი შეხვედრებს გამართავს ლაოსის ვიცე-პრეზიდენტთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერთან. ლაოსის ვიცე-პრეზიდენტი პანი იატჰოტუ პუტინის პრესმდივანმა მომავალი ფორუმის მთავარ უცხოელ სტუმრად დაასახელა.

ჩრდილოეთი კორეა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებმაც კრემლს ღიად დაუჭირეს მხარი უკრაინაში შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდანვე. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კვირის დამდეგს განაცხადა, რომ მოსკოვსა და ფხენიანს შორის შეიარაღების მიწოდებაზე მოლაპარაკებები „აქტიურად მიიწევს წინ“ და გააფრთხილა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერი, რომ მის ქვეყანას ძვირად დაუჯდება რუსეთისთვის იარაღის მიწოდება უკრაინის ფრონტზე გამოსაყენებლად.

მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს ჩრდილოეთ კორეას რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ეწვია. მისი მოგზაურობის მიზანი იყო ორ სახელმწიფოს შორის „სამხედრო კავშირების გაძლიერება“.

XS
SM
MD
LG