საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჟოზეპ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, ვახშამი მთაწმინდაზე გაიმართა.
ოფიციალური ცნობით, ღარიბაშვილმა ბორელთან არაფორმალურ გარემოში განიხილა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი თბილისს 7 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ჯოზეფ ბორელის შეხვედრა როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
7 სექტემბერს ბორელმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა ამ გზაზე სერიოზული მუშაობაა საჭირო და საქართველოს „კიდევ ბევრი სამუშაო“ აქვს.
ვიზიტის ფარგლებში ჟოზეპ ბორელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბორელს შეხვედრა ექნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთანაც. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტში შესულ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან.
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.