Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გულწრფელად რომ ვთქვა, კიდევ ბევრია სამუშაო - ჟოზეპ ბორელი თბილისში


ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
ჟოზეპ ბორელმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელი თბილისში სიტყვით გამოსვლისას აცხადებს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, თუმცა ამ გზაზე სერიოზული მუშაობაა საჭირო და საქართველოს „კიდევ ბევრი სამუშაო“ აქვს.

„ძალიან მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის. ევროკავშირი მოწადინებულია, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ჟოზეპ ბორელმა 7 სექტემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შეკრებილ ჟურნალისტებს ბრიფინგზე.

„მაგრამ ასევე უნდა გითხრათ, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის შეტანა სერიოზული პასუხისმგებლობაა. კანდიდატის სტატუსი არ არის ისეთი რამ, რაც ამა თუ იმ ქვეყანას დაუმსახურებლად ეკუთვნის. ის უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებით. გულწრფელად რომ ვთქვა, კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი“.

ჟოზეპ ბორელის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში ეს სამუშაოა ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაცია. „და ამ პრიორიტეტების შესასრულებლად ბეჯითად შრომა ბრიუსელის გულის მოსაგებად კი არ არის საჭირო, არამედ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, - მათი განუზომელი დასავლური მისწრაფებების დასაკმაყოფილებლად“.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, თბილისში შენიშნა ევროკავშირის უამრავი დროშა და იცის, რომ „ქვეყნის მოსახლეობის 80%-ს ევროკავშირის წევრობა უნდა“, რის გამოც მადლიერება გამოხატა „იმ ადამიანებისადმი, რომლებიც „დგანან საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე“.

ჟოზეპ ბორელმა ისაუბრა ევროკავშირის გზაზე ერთიანობის საჭიროებაზეც: „ყველა აქტორმა ერთად, კონსტრუქციულად უნდა იმუშაოს. ერთობა ახლა იმაზე მეტადაა საჭირო, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ თბილისში ვიზიტისას შეხვდება პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მთავრობის, პარლამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

„საქართველომ უნდა გამოიყენოს ეს დარჩენილი, ცოტა დრო, რათა საჭირო, ფუნდამენტური რეფორმები განახორციელოს“, - განაცხადა მან.

ჟოზეპ ბორელი თბილისში 7 სექტემბერს ჩამოვიდა

7 და 8 სექტემბერს, საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ის განიხილავს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესს, ასევე, იმსჯელებს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკისა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში ჟოზეპ ბორელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია.

ბორელს შეხვედრა ექნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთანაც. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტში შესულ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.

XS
SM
MD
LG