Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვერხოვნა რადამ დაამტკიცა უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე რუსტემ უმეროვის დანიშვნა


რუსტემ უმეროვი
რუსტემ უმეროვი

ვერხოვნა რადამ დაამტკიცა უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე რუსტემ უმეროვის დანიშვნა. უმეროვის კანდიდატურას 360-დან 338-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უმეროვის კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარუდგინა.

41 წლის უმეროვი დაიბადა უზბეკეთის ქალაქ ბულუგურში, დეპორტირებული ყირიმელი თათრების ოჯახში. იყო რამდენიმე საინვესტიციო ფონდის მმართველი დირექტორი. 2019 წელს იგი ვერხოვნა რადაში აირჩიეს. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ის რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის ჯგუფის წევრი იყო. იმავე წელს სათავეში ჩაუდგა სახელმწიფო ქონების ფონდს. სამშაბათს რადამ უმეროვი წინა მოვალეობებისგან გაათავისუფლა.

თავდაცვის მინისტრის პოსტზე უმეროვი გადამდგარ ოლექსი რეზნიკოვს შეცვლის.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ საკადრო ცვლილებების აუცილებლობის ახსნისას აღნიშნა, რომ რეზნიკოვი სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის მინისტრად. „ჩემი აზრით, სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან,“ განაცხადა ზელენსკიმ.

ოლექსი რეზნიკოვის გადადგომის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რამდენიმე კორუფციული სკანდალი, რომლებიც დაკავშირებულია არმიის სახელმწიფო შესყიდვებთან. საქმის გარჩევას მოჰყვა არაერთი მაღალი თანამდებობის პირის, მათ შორის თავდაცვის მინისტრის მოადგილეების, თანამდებობიდან გათავისუფლება.

XS
SM
MD
LG