თეთრი სახლისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამშაბათს ერთდროულად მოუწოდეს ჩრდილოეთ კორეას, შეწყვიტოს რუსეთთან მოლაპარაკებები საბრძოლო მასალის მიწოდების თაობაზე.
როგორც BBC შენიშნავს, აშშ-ის დაზვერვის თანახმად, ფხენიანი და მოსკოვი ამ მოლაპარაკებებს დიდი ხანია აწარმოებენ; გუშინ New York Times-ი ამერიკულ და სხვა დასავლურ სადაზვერვო წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი მომავალ კვირაში ვლადივოსტოკში ჩასვლას აპირებს, რათა ეს საკითხი პირადად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე განიხილოს.
„მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკას, შეწყვიტოს რუსეთთან იარაღზე მოლაპარაკებები და შეასრულოს ფხენიანის საჯარო დაპირებები, რომ არ მიაწოდოს ან მიჰყიდოს რუსეთს იარაღი,“ თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვედანტ პატელმა.
ამავე დროს ამ თემაზე ისაუბრა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა.
„ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ ჩრდილოეთ კორეას, რომ შეასრულოს საჯაროდ ნაკისრი ვალდებულებები, არ მიაწოდოს რუსეთს იარაღი, რომელიც საბოლოოდ უკრაინელებს დახოცავს,“ თქვა სალივანმა ვაშინგტონშ გამართულ ბრიფინგზე.
სალივანის სიტყვებით, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება კარგ გავლენას არ მოახდენს ჩრდილოეთ კორეაზე და ფხენიანი „ამის საფასურს გადაიხდის“.
მან დასძინა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ჯერ ვერ ხედავს რუსეთისთვის ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო მასალის ან რაიმე იარაღის აქტიური მიწოდების ნიშნებს, მაგრამ ამავე დროს ხედავს „აქტიურ მოძრაობას“ ამ თემაზე მოლაპარაკებებში.
სალივანმა გაიმეორა მოსაზრება, რომელიც ადრე უკვე გამოთქვეს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა: რუსეთის სურვილი, ჩრდილოეთ კორეისგან იყიდოს ჭურვები, მიუთითებს, რომ სანქციებმა მნიშვნელოვნად შეარყია რუსეთის სამხედრო მრეწველობის შესაძლებლობები.