ინტერნეტში კვლავ იძებნება რეკლამა, რომელიც იუწყება, რომ 30 სექტემბერს ბათუმში, სასტუმრო ლე მერიდიანში უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ამ გამოფენა-გაყიდვის საპრომოციოდ შექმნილი ვებ-საიტის მიხედვით, "ექსპო 2.0"-ის მონაწილეები მიიღებენ ექსკლუზიურ შეთავაზებას არა მხოლოდ საქართველოში უძრავი ქონების შესაძენად, არამედ კვიპროსში, დუბაისა და თურქეთში მომუშავე დეველოპერებისგანაც.
ბათუმში ამგვარი გამოფენა-გაყიდვის მოწყობა დაანონსებული იყო 29-30 ივლისსაც - საზოგადოებრივი უკმაყოფილების ფონზე ღონისძიება, რომელსაც რეკლამას რუსეთის შოუ-ბიზნესის მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა რუსულ ენაზე უკეთებდა, გადაიდო. მაშინ დეველოპერული კომპანიები ამბობდნენ, რომ მათი სახელები გამოფენა-გაყიდვის მონაწილეთა სიაში მათთან შეთანხმების გარეშე მოხვდა.
რუსულენოვანი უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვის ანონსის კვლავ გამოჩენის შემდეგ რადიო თავისუფლებამ სცადა გაერკვია, რამდენად რეალურია ამ ღონისძიების ჩატარება 30 სექტემბერს ბათუმში.
სასტუმრო მერიდიანში გვითხრეს, რომ მათთან 30 სექტემბერს არანაირი უძრავი-ქონების გამოფენა-გაყიდვა არ იგეგმება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ექსპო 2.0"- ის ჩატარების ადგილად მერიდიანი იყო მითითებული, სასტუმროს ადმინისტრაციისთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა .
"ექსპო 2.0."-ის ორგანიზატორება რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 30 სექტემბერს მათ გამოფენაში 20-მდე კომპანია მონაწილეობას და რედაქციას კომპანიების ჩამონათვალი გამოუგზავნეს.
ამ სიიდან უმსხვილესმა სამშენებლო კომპანია გუმბათმა და ალიანს ჯგუფმა რადიო თავისუფლებას გადაჭრით უთხრეს, რომ ისინიგამოფენაში არ მონაწილეობენ. კომპანია NEXT-მაც რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ არც ისინი მონაწილეობენ "ექსპო 1.0"-ისა და "ექსპო 2.0"-ის ღონისძიებებში.
ერთხელ გადადებული ღონისძიების შემდეგ თავად ირაკლი ფირცხალავა 30 სექტემბერს დაგეგმილი გამოფენა-გაყიდვის საპრომოციო მასალებში აღარ ჩანს - საიტზე აღარც მონაწილე კომპანიებია ღიად განთავსებული, თუმცა ნათქვამია, რომ ამ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სტუმრები ყაზახეთიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, ისრაელიდან, ირანიდან, კანადიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და გერმანიიდან.
გამოფენა-გაყიდვის დროს დაგეგმილია მასტერკლასები, მათ შორის ორგანიზატორები მონაწილეებს პირდებიან ტრენინგებს იმის ასახსნელად, როგორ არის შესაძლებელი კრიპტოვალუტით ვაჭრობა უძრავი ქონების ბაზარზე.