რუსეთისა და შვედეთის მოქალაქე, რომელიც შარშან დრამატული რეიდისას დააკავეს თავის სახლში, დღეს სტოკჰოლმში სასამართლოს წინაშე წარდგება რუსეთის სამხედროებისთვის დასავლური ტექნოლოგიების გადაცემის ბრალდებით.
60 წლის სერგეი სკვორცოვი, რომელსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვს, 1990-იანი წლებიდან ცხოვრობს შვედეთში, სადაც იმპორტ-ექსპორტის კომპანიას უდგას სათავეში.
ის სტოკჰოლმის საოლქო სასამართლოს წინაშე წარდგება აშშ-ისა და შვედეთის წინააღმდეგ „უკანონო სადაზვერვო საქმიანობისთვის“ ათი წლის განმავლობაში, უშალოდ 2022 წლის ნოემბერში მის დაპატიმრებამდე.
ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სკვორცოვმა და მისმა კომპანიებმა „რუსეთის სამხედრო დაზვერვა გრუ და რუსეთის სახელმწიფო სისტემის ნაწილი“ უზრუნველყვეს პლატფორმით დასავლური ტექნოლოგიების უკანონოდ შეძენისთვის, ძირითადად ელექტრონული მოწყობილობებისა, რომლებიც მოსკოვისთვის აკრძალულია საერთაშორისო სანქციების გამო.
თუკი სკვორცოვს ბრალეულობა დაუმტკიცდა, მას ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
სკვორცოვი, რომელიც დაკავების მომენტიდან პატიმრობაში იმყოფება, უარყოფს ბრალდებებს.
„უკანონო სადაზვერვო საქმიანობა“ შვედეთში ერთი საფეხურით უფრო დაბლა დგას ჯაშუშობის ბრალდებაზე.