Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლის შესახებ გამოაცხადა


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ აპირებს შეცვალოს უკრაინის თავდაცვის მინისტრი.

"ამ კვირაში პარლამენტს შევთავაზებ საკადრო გადაწყვეტილებას. გადავწყვიტე, უკრაინის თავდაცვის მინისტრი შემეცვალა. ალექსეი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა და მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე მთლიანად საზოგადოებასთან. ახლა სამინისტროს რუსტემ უმეროვმა უნდა უხელმძღვანელოს", - განაცხადა ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ „ვერხოვნა რადა“, სადაც კარგად იცნობენ უმაროვს, არ დააყოვნებს ახალი კანდიდატურის დამტკიცებას.

კვირის დასაწყისში გამოცემა „უკრაინსკაია პრავდამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოსტზე ოლექსი რეზნიკოვის შემცვლელად, სავარაუდოდ, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელს რუსტემ უმაროვს წარადგენენ.

ინფორმაცია, რომ რეზნიკოვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლებენ, პირველად იანვრის ბოლოს გავრცელდა, რასაც წინ უძღოდა ჟურნალისტური გამოძიება სამხედროთა კვებასთან დაკავშირებული კორუფციული სქემის შესახებ.

იმხანად უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი უკრაინის ექსთავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვიაჩესლავ შაპოვალოვს და თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების მთავარი დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს, ბოჰდან ხმელნიცკის, რომლებმაც თანამდებობები საკადრო წმენდის პირველი დიდი ტალღის დროს, მიმდინარე წლის 22-24 იანვარს დატოვეს.

მაშინ რეზნიკოვმა შეინარჩუნა პოსტი, მაგრამ თავდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ საუბარი აქტიურად დაიწყეს მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო უწყება კვლავ შეძრა მორიგმა კორუფციულმა სკანდალმა.

10 აგვისტოს გამოცემა „ზერკალომ“ გამოაქვეყნა გამოძიება, რომლის თანახმად 2022 წელს ერთ-ერთმა თურქულმა კომპანიამ Vector avia-მ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ზამთრის ქურთუკების ნაცვლად, ზაფხულის ქურთუკები მიჰყიდა, თანაც გაზრდილი ფასით.

28 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შესთავაზა თუ არა უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ამ მორიგი სკანდალის შემდეგ, ზელენსკიმ თანამდებობიდან გადადგომა, რაზეც რეზნიკოვმა უპასუხა, ეს თანამდებობა მისთვის „დროებითი ისტორიაა“ და გადადგომა თავისი ნებითაც შეუძლია, „რადგან ეს თანამდებობა, ვისაც არ უნდა ეკავოს იგი, - არის გოლგოთა“, - თქვა რეზნიკოვმა.

XS
SM
MD
LG