Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დელტა: 2 სექტემბერს კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო 423 რაკეტა გავისროლეთ


2 სექტემბერს, სეტყვისგან დაზიანებული სახლი კახეთში
2 სექტემბერს, სეტყვისგან დაზიანებული სახლი კახეთში

თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ ავრცელებს ინფორმაციას 2 სექტემბერს კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების გამოყენების შესახებ. "დელტა"-ს შეფასებით, სახელმწიფომ დროულად გამოიყენა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტები.

"ჩრდილო-დასავლეთიდან შემოვიდა ფრონტალური ტიპის ღრუბლების მასები, ამ დროს ღრუბელში სეტყვის მარცვლის ზომა უკვე 42 მმ-ს შეადგენდა, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დროული ჩარევის მიუხედავად მოხდა სეტყვის მარცვლის ფორმირება, რომელთა ზომამ 50 მმ-ს მიაღწია.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მიერ: საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში 2 სექტემბერს 17:59 საათიდან 23:35 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად ინტენსიურად დამუშავდა. დამუშავებული კერების საერთო ჯამურმა ფართმა 1404კმ2 შეადგინა (140400 ჰა) სულ დამუშავდა 10 სეტყვასაშიში კერა, გასროლილი იქნა 423 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა" - ნათქვამია დელტას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის გამოყენების ფაქტი რადიო თავისუფლებასთან დაადასტურა სახელმწიფო რწმუნებულმაც კახეთში, გიორგი ალადაშვილმა.
“მე რამდენადაც ვიცი, სისტემამ იმუშავა და 400 რაკეტა გაისროლეს. თუ რატომ დაისეტყვა მაინც, ამაზე სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ” - ამბობს რწმუნებული.
კახეთში სტიქიამ გაანადგურა როგორც ვენახები და ბაღ-ბოსტნები, ასევე დააზიანა ელექტროსისტემები და შენობების სახურავები. როგორც დელტა აცხადებს, იმის გათვალისწინებით, რომ უხვი ნალექი მოსალოდნელია 3 და 4 სექტემბერსაც, კახეთში მობილიზებულია "დამატებითი ძალები გასროლილი რაკეტების ახლებით ჩასანაცვლებლად."
"ევროპული საქართველოს" წევრის, ბესიკ დონაძის მიერ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2023 წელს სახელმწიფომ 5 000 სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტა იყიდა, რაც ბიუჯეტს 1 800 000 ევრო დაუჯდა.
XS
SM
MD
LG