Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვს ისევ დრონით შეუტიეს


საილუსტრაციო ფოტო. მოსკოვზე დრონებით გახშირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რაიონი „მოსკოვი სიტია“
საილუსტრაციო ფოტო. მოსკოვზე დრონებით გახშირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რაიონი „მოსკოვი სიტია“

რუსეთის დედაქალაქზე უპილოტო საფრენი აპარატით მორიგი შეტევა იყო. დღეს, 28 აგვისტოს დილით, ჯერ მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა, შემდეგ კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქამდე არ მიუშვეს და მოსკოვის ოლქის ლუბერეცის რაიონში ჩამოაგდეს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერჯერობით გადაუმოწმებელია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტანდარტული ფორმულირებით, „აღკვეთილია კიევის რეჟიმის ტერორისტული შეტევის მორიგი მცდელობა“. მოსკოვის მერი სობიანინი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა. რუსული სააგენტო „ტასის“ ცნობით, მუშაობა შეაჩერეს მოსკოვის დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებმა.

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით შეტევა 2023 წლის მაისიდან გახშირდა. რუსეთის დედაქალაქში ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა რაიონი „მოსკოვი სიტი“, სადაც მდებარეობს რუსეთის არაერთი სამინისტროს და კერძო კომპანიის ოფისები და ძვირადღირებული აპარტამენტები.

ბოლო რამდენიმე თვეა გახშირდა უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმები რუსეთის რეგიონებზეც. მორიგი შეტევის შესახებ დღეს დილით იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მისი მტკიცებით, გასულ ღამით ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს ბრიანსკის ოლქში.

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, კიევში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.

XS
SM
MD
LG