საპენსიო სააგენტოს უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ნიკოლოზ გაგუასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გარანტი იმისა, რომ მოქალაქეებს საპენსიო დანაზოგები არ დაეკარგებათ, არიან კანონი, ეროვნული ბანკი საზედამხედველო ფუნქციით და კვალიფიციური საინვესტიციო ექსპერტები. ამასთან, გოგა მელიქიძემ განმარტა, რას ნიშნავს მაღალი რისკის კომპანიებში ჩართვა.
"მონაწილეების დანაზოგების ინვესტირება არცერთ შემთხვევაში არ მოხდება რისკიან პროექტებში, მონაწილეების ინვესტიცია მოხვდება გლობალურ აქციებში. ქართული საპენსიო სქემის მონაწილეები გახდებიან ისეთი კომპანიის მფლობელები, როგორიც არის „ტოიოტა“, „სამსუნგი“, „ეპლი“, „ლუი ვიტონი“. ანუ გლობალურ კომპანიებში მოხვდება მათი დანაზოგების 55 % და რამეთუ ამ კომპანიების აქციების ფასი ყოველდღე იცვლება ბაზარზე, ეს პორტფელი უფრო მერყევი იქნება თავის დინამიკაში, ვიდრე ეს იქნება საშუალორისკიანი და დაბალრისკიანი სტაბილური ან შერეული პორტფელი. ანუ უფრო მეტი რყევა იქნება, მაგრამ ის, რომ რამე დაიკარგება და დავკარგავ დანაზოგს, ეს არის მცდარი ინფორმაცია, იმიტომ რომ გლობალური აქციების 55% ეს არის გადანაწილებული დაახლოებით 3 ათას კომპანიაზე. რეგიონების დონეზე არის ამერიკა, ლათინური ამერიკა, განვითარებული ევროპა, ავსტრალია, განვითარებული აზია და ამავდროულად, მასში არის ქართული სახაზინოები და დეპოზიტები 45%. ასე რომ, ამ პორტფელს ნამდვილად არ ემუქრება ან დაკარგვა, ან ჩავარდნა, პირიქით, ამ პორტფელში მონაწილეები გრძელვადიან პერსპექტივაში საკმაოდ მაღალ ზრდას ნახავენ", - განაცხადა გოგა მელიქიძემ.
ამასთან, მისის თქმით, ეს პროცესი ხორციელდება მონაწილეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამაზე მეტყველებს აქამდე ინვესტირებული თანხების დინამიკა.
"ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ საპენსიო სქემის მონაწილეებს მოვუტანეთ 60 მლნ ლარი, 52 % -იანი მოგება და 12 %-ით მეტი, ვიდრე ამ პერიოდში ინფლაცია იყო, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საინვესტიციო ჯგუფი მუშაობს ძალიან კარგად და ემსახურება მონაწილეების საუკეთესო ინტერესებს", - ამბობს გოგა მელიქიძე.
მისი თქმით, თანხის დაკარგვისგან დაცვის გარანტიაა კანონი, "რომელიც იცავს მონაწილეების ინტერესებს, ეროვნული ბანკი, რომელიც მკაცრად და ჯეროვნად არეგულირებს და ზედამხედველობს [პროცესს] და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო, რომელშიც შედიან დამოუკიდებელი და გამოცდილი კაპიტალის ბაზრის ექსპერტები და ეს ხალხი საერთაშორისო დონეზეა შერჩეული და ეს ხალხი მართავს ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ თქვენს დანაზოგებს", - ამბობს გოგა მელიქიძე.
საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის თქმით, პორტფელის შეცვლის მოთხოვნით საპენსიო სააგენტოს 5 ათასმა ადამიანმა მიმართა, რაც 1 მლნ 400 ათასი ანგარიშის პირობებში, არ არის მაღალი.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, 5-წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო გამოცდილებაც მეტყველებენ იმაზე, რომ აქტივები გაიზრდება.
"ეკონომიკურ ზრდის პარალელურად ხდება აქტივების ზრდა. აქ რისკიანობა არის, ეკონომიურ აქტივებზე რამდენად მეტად გაიზრდება ეს აქტივები", - ამბობს ნიკოლოზ გაგუა.
6 სექტემბრამდე დასაქმებულებმა უნდა აირჩიონ, სად დააბანდონ დაგროვებული საპენსიო თანხა - ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელებში. 6 აგვისტოს ამოიწურა 5-წლიანი ვადა, როცა კანონი საპენსიო სააგენტოს ავალდებულებდა, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები დაებანდებინა მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში. ახლა სავალდებულოა, მოქალაქემ თავად შეაფასოს რისკები იმ თანხის დასაბანდებლად, რომელიც წლების შემდეგ მის პენსიად უნდა იქცეს.