Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი პრიგოჟინზე: არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ არ გამკვირვებია


აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ცნობა, რომ რუსეთში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუსტად არ იცის, რა მოხდა, მაგრამ არ გაჰკვირვებია. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, რუსეთში ცოტა რამ ხდება ისეთი, რის უკანაც პუტინი არ დგას. ჯო ბაიდენის თანახმად, არასაკმარისი ინფორმაცია აქვს საიმისოდ, რომ პასუხი იცოდეს.

რუსეთის ტვერის ოლქში 23 აგვისტოს, საღამოს, ჩამოვარდა თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელშიც ოფიციალური სიის მიხედვით იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი. კრემლის მიერ კონტროლირებულმა სააგენტო „ინტერფაქსმა" გაავრცელა ცნობა, რომ კატასტროფის რაიონში ნაპოვნია ათივე დაღუპულის ნეშტი.

რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ცხედრები იმდენად დამწვარია, რომ ამოსაცნობად დამატებითი ექსპერტიზაა საჭირო. 23 აგვისტოს ვრცელდებოდა ცნობები, რომ პრიგოჟინი შესაძლოა, თვითმფრინავში არ იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გვარი მგზავრების სიაშია შეტანილი. რუსეთის ხელისუფლებას პრიგოჟინის სიკვდილი ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

ევგენი პრიგოჟინი „რუსეთის მოღალატეების“ ქმედებების შედეგად დაღუპულად გამოაცხადა „ვაგნერთან“ კავშირის მქონე რუსულმა ტელეგრამ-არხმა Grey Zone-მა. ბრიტანულ BBC-ს „ვაგნერის“ ექვსმა წევრმა ამა თუ იმ ფორმით დაუდასტურა პრიგოჟინის სიკვდილი. როგორც ერთ-ერთმა თქვა, „ეს დასასრულია“.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ ცნობით, კერძო კომპანია „МНТ Аэро-ს" კუთვნილი თვითმფრინავი Embraer Legacy, რომელიც მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისს ასრულებდა, ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინოსთან ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზებს „როსავიაცია“ და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი იკვლევენ.

რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ კრემლი აქტიურად იყენებდა აფრიკაში, სირიასა და უკრაინაში. ამ კომპანიის მიერ დაქირავებულთა „დამსახურებად“ ითვლებოდა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღება. 2023 წლის ივნისში პრიგოჟინმა ამბოხება მოაწყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელების წინააღმდეგ.

  • ომის არაერთ დანაშაულში ეჭვმიტანილი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა 23 ივნისს, საღამოს, გამოაცხადა, რომ რუსეთის არმიამ უკრაინაში მებრძოლი „ვაგნერის“ ზურგის ბანაკებზე განახორციელა სარაკეტო დარტყმა, რასაც მრავალათასიანი „სამართლიანობის მარშით“ უპასუხებენ.
  • 24 ივნისს „ვაგნერელების“ ნაწილმა, პრაქტიკულად, წინააღმდეგობის გარეშე დაიკავა რუსეთის ქალაქი დონის როსტოვი და ვორონეჟის ოლქშიც შევიდა, ნაწილი კი, მოსკოვისკენ დაიძრა.
  • რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განვითარებულ მოვლენებს უწოდა ღალატი და ზურგიდან დარტყმა.
  • 24 ივნისს, ღამით, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკასთან მოლაპარაკების შემდეგ, პრიგოჟინმა გამოაცხადა, რომ სისხლისღვრის საფრთხე რეალურია, ამიტომ საველე ბანაკებში ბრუნდებიან.
  • 24 ივნისს, გვიან ღამით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ შეიარაღებული ამბოხების გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება და პრიგოჟინი ბელარუსში წავა.
XS
SM
MD
LG