რუსეთი ირწმუნება, რომ 3 ადამიანი დაიღუპა ბელგოროდის ოლქზე უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად.
ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამით პირველად 08:25 საათზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უპილოტო საფრენი აპარატიდან ორი ყუმბარა ჩამოაგდეს სოფელ ლავიში მდებარე სანატორიუმის ტერიტორიაზე, დაზიანდა შენობის ფასადი და ფანჯრები, თუმცა არავინ დაშავებულა.
ორი საათის შემდეგ, გუბერნატორის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე. გლადკოვის მტკიცებით, მსხვერპლი მოჰყვა უკრაინის მიერ დრონებიდან ასაფეთქებელი მოწყობილობის „განმეორებით“ ჩამოგდებას. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია.
ბოლო რამდენიმე თვეა, გახშირდა რუსეთის ტერიტორიაზე, მათ შორის მოსკოვზე, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა. კიევი ამ თავდასხმებთან კავშირს ოფიციალურად არც ადასტურებს და არც უარყოფს. ამასთან, უკრაინის ხელისუფლებაში არაერთხელ განაცხადეს, რომ რუსეთს მის მიერ გაჩაღებული ომი დაუბრუნდა.