თენგიზ ცერცვაძემ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, გასული კვირის მიწურულს განაცხადა, რომ, სხვა ქვეყნების მსგავსად, COVID-19-ის შემთხვევები საქართველოშიც იზრდება და გასულ კვირაში ტესტირებულთა 7-8%-ს კოვიდი დაუდასტურდა.
მსოფლიოში თანდათან ძალას იკრებს ომიკრონის ქვეშტამი EG.5. ის მომაკვდინებელი არ არის, თუმცა მძიმედ მიმდინარეა და სწრაფად ვრცელდება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ EG.5 საქართველოში ჯერ არ დადასტურებულა, ხოლო მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ტელეკომპანია „იმედს“ ეუბნება, რომ კორონავირუსი ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად იქცა და ამ თემაზე ლაპარაკიც აღარ ღირს.
მაგალითად, ამერიკაში ექიმები შეერთებული შტატების მოქალაქეებს ტესტირების, იზოლაციისა და ვაქცინაციის აუცილებლობას შეახსენებენ, ურჩევენ ატარონ პირბადე.
რატომ უნდა გავიგოთ, რა გვჭირს
„ახლა საქართველოში გრიპის ვირუსი არ ფიქსირდება. შესაბამისად, ადამიანი, რომელსაც აქვს მაღალი ტემპერატურა (38 გრადუსი და უფრო მეტი), ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, ხველა, ცემინება - უნდა ვიფიქროთ კორონავირუსზე. ახლა რომ დეკემბერ-იანვარი იყოს, ამას ასე კატეგორიულად ვერ ვიტყოდით“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე, რომლის ინფორმაციითაც - გრიპის ვირუსი საქართველოში უკვე 2-3 თვეა, არ დაფიქსირებულა.
ეს სიმპტომები განსაკუთრებით საყურადღებოა 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ორსულებისთვის და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის. ექიმი გვეუბნება, რომ მათ საწყის ეტაპზევე უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს.
„საქართველოში გვაქვს პრეპარატი პაქსლოვიდი (Paxlovid), რომელსაც რისკჯგუფებში შემავალ ამბულატორიულ პაციენტებს ვუნიშნავთ, რადგან დაავადების მძიმედ მიმდინარეობის რისკს ამცირებს“, - გვეუბნება ივანე ჩხაიძე. მისი ინფორმაციით, ბავშვებში „COVID-19-ით ინფიცირების გამოკვეთილი ზრდა არ ჩანს“ და EG.5-ის სწრაფად გავრცელების მიუხედავად, შემთხვევათა მკვეთრ მატებას ის არც შემდგომ პერიოდში მოელის. თუმცა ამბობს, რომ შემოდგომაზე მაინც საჭირო გახდება ვაქცინაციის შეხსენება რისკჯგუფებისთვის.
- ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ გასული კვირის მიწურულს განაცხადა, რომ კვირის მანძილზე, ყოველდღიურად, COVID-ის საშუალოდ 300-მდე ახალი შემთხვევა ვლინდებოდა და ტესტირებულთა (დაახლოებით 4000 ტესტი დღეში) 7-8%-ს კოვიდი უდასტურდებოდა.
ცერცვაძემ თქვა, რომ სახელმწიფოს პროცესის მართვა არ გაუჭირდება, მაგრამ აღნიშნა ისიც, რომ „არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე დავიდეს COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები“. რეკომენდაციებით მან საზოგადოებასაც მიმართა და სამედიცინო პერსონალსაც.
მისი რეკომენდაციები საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციებს ემთხვევა.
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, მოუწოდა ყველას, რომ - ნუღარ ილაპარაკებენ კოვიდის ახალ შტამებზე და „ნუ ეცდებიან დაძაბულობის, სტრესის შემოტანას საზოგადოებაში“.
მინისტრის თქმით, „არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. თუ რაიმე განსაკუთრებული იქნება, ამას პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროსგან გაიგებს ყოველთვის მოსახლეობა“.
ექიმებს არაერთხელ უთქვამთ, რომ კოვიდის ჩვეულებრივ გრიპთან შედარება საფრთხილოა საქართველოს შემთხვევაში, სადაც მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი „ჩვეულებრივი გრიპსა“ და ჩვეულებრივ ვირუსს „რიგით გაციებად“ და „რინოვირუსად“ აღიქვამს. კოვიდი კი, გრიპის ვირუსის მსგავსად, გართულებულ, დაგვიანებულ შემთხვევაში, შეიძლება სიკვდილის მიზეზი გახდეს.
კორონავირუსის ახალი შტამი EG.5 უკვე 50-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და არავის გაუკვირდება - თუკი მისი არსებობა, ხვალ-ზეგ, საქართველოშიც დადასტურდება.
აქვს თუ არა განახლებული რეკომენდაციები საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC)? როგორ უნდა შევუშალოთ ხელი სისწრაფით გამორჩეული ვირუსის გავრცელებას?
ცენტრის ოფიციალურ ვებსაიტზე განახლებული რეკომენდაციები არ არის, ხოლო ჩვენი შეკითხვები ჯერჯერობით უპასუხოდ დარჩა - როგორც NCDC-ში, ასევე ჯანდაცვის სამინისტროში.
ასევე ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე - რომელ კლინიკებში ტარდება ამჟამად უფასო ვაქცინაცია და რა სახის ვაქცინებს იყენებს საქართველო.
- რადიო თავისუფლებას ინფექციურ საავადმყოფოში უთხრეს, რომ ვაქცინების მარაგი დაახლოებით ათი დღის წინ ამოიწურა და არ აქვთ ინფორმაცია, როდის შეივსება.
- „მოთხოვნა დიდი არ იყო. ვაქცინას იკეთებდნენ ძირითადად საზღვარგარეთ სასწავლებლად წამსვლელები და იმ ქვეყნებში გამგზავრების მსურველები, სადაც აცრის საბუთს კვლავ ითხოვენ, მაგალითად - სინგაპურში“, - გვითხრეს ინფექციურ საავადმყოფოში, მაგრამ არ დააზუსტეს ბოლო პერიოდში აცრილთა სტატისტიკა.
რაც შეეხება ტესტირებას, მაგალითად, როგორც ინფექციურ საავადმყოფოში გვითხრეს - უფასო ტესტირება მათთან ხელმისაწვდომია სიმპტომიანი პაციენტებისთვის. ტესტირება უფასოდ ტარდება საავადმყოფოებში, პაციენტების სხვადასხვა პროფილის განყოფილებებში მიღებისას.
მიიღებენ თუ არა პაციენტს, ვთქვათ, ქირურგიულ განყოფილებაში, თუკი მიყვანისას კოვიდი დაუდასტურდა?
რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვითხრეს, რომ გადაუდებელ, მწვავე შემთხვევებში პაციენტებს უარს არ ეუბნებიან, „სხვა პაციენტებისგან განცალკევებით მკურნალობენ და მათთვის ხელმისაწვდომია საოპერაციოც“. თუმცა ასეთი ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
როგორც ივანე ჩხაიძე გვეუბნება, ახალი რეგულაციებით, სპეციფიკური კოვიდკლინიკები აღარ არსებობს და კოვიდპაციენტებს იაშვილის კლინიკაშიც იზოლირებულად, ცალკე განყოფილებაში მკურნალობენ.
პრევენციული ზომები აშშ-ში
აშშ-ში, ივლისთან შედარებით, რამდენიმე ათასით გაიზარდა და ბოლო კვირაში უკვე 10 320-ს გაუტოლდა ახალი პაციენტების რიცხვი, რომლებსაც საავადმყოფოებში გადაყვანა დასჭირდათ.
ბოლო კვირაში 12%-ს გადააჭარბა ე.წ. ტესტების დადებითობის მაჩვენებელმა. 12 აგვისტოს მაჩვენებლებით, კვირის განმავლობაში გარდაცვლილთა რიცხვი, წინასწარი ინფორმაციით, 251-ს გაუტოლდა.
ამერიკელი ექიმები მოქალაქეებს სიფრთხილის გამოჩენას ურჩევენ, რადგან COVID-19-მა, შესაძლოა, ერთ შემთხვევაში სრულიად უსიმპტომოდ და უკვალოდ ჩაიაროს, ხოლო სხვა შემთხვევაში, ვიღაცას სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) მიერ 2023 წლის მაისში განახლებული რეკომენდაციების თანახმად, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში, საჭიროა ტესტის გაკეთება და თუკი ინფექცია გამოვლინდა, აუცილებელია იზოლაციის წესების დაცვა:
- სიმპტომებით თუ უსიმპტომოდ, საჭიროა სახლში დარჩენა 5 სრული დღით და ოჯახის წევრებისგან მაქსიმალური იზოლირება;
- იზოლაციის 5-დღიანი ვადის ათვლა იწყება ტესტირების ანდა სიმპტომების გამოვლენის მეორე დღიდან;
- იზოლაცია სრულდება მას შემდეგ, რაც (იზოლაციის პირობებში) სრული ერთი დღის განმავლობაში სხეულის ტემპერატურა ნორმის ფარგლებშია;
- იზოლაციის 10 დღით გახანგრძლივება მოეთხოვებათ მათ, ვისაც მძიმე სიმპტომები [ვთქვათ - სუნთქვის გაძნელება] გამოუვლინდა, ანდა საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა.
- იზოლაციის დასრულების შემდეგ, მე-11 დღემდე აუცილებელია ნიღბის ტარება, ხალხმრავალ ადგილებში და სახლშიც, სხვების თანდასწრებით.
პარალელურად, აშშ-ში ელოდებიან Moderna-სა და Pfizer-ის მიერ შემუშავებულ ახალ ვაქცინებს, რომლებიც, სავარაუდოდ, შემოდგომაზე უკვე ხელმისაწვდომი იქნება და ამერიკაში იძლევიან რეკომენდაციას, რომ ისინი გრიპის სეზონურ ვაქცინასთან ერთად გაკეთდეს.
ვიდრე ახალი ვაქცინები გამოჩნდება, CNN-თან საუბრისას, ამერიკელი სპეციალისტები გამოყოფენ პოტენციური პაციენტების რამდენიმე ჯგუფს, რომლებმაც, აჯობებს, არ დაუცადონ ახალს და უკვე არსებული ვაქცინა გაიკეთონ; ესენი არიან:
- 65 წელზე უფროსი ასაკის პირები;
- ადამიანები სუსტი იმუნური სისტემით;
- ბავშვები, რომლებიც არასოდეს აცრილან.
ჯერჯერობით არავინ იცის, ზუსტად როგორ მოიქცევა ომიკრონის ქვეშტამი EG.5 ცივ სეზონზე და არის თუ არა მოსალოდნელი სხვა შტამებისა თუ ქვეშტამების გამოჩენა, მაგრამ, რადგან ზამთარში ადამიანები დახურულ სივრცეში უფრო მეტ დროს ატარებენ, შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია და მათ შორის - საქართველოშიც.
შემოვა თუ არა საქართველოში ომიკრონის ქვეშტამზე მორგებული ახალი ვაქცინები? დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პასუხი ჯერჯერობით ვერც ამ შეკითხვაზე მივიღეთ.