საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის გავრცელების შესახებ განცხადებას აქვეყნებს.
ჯანდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ საქართველოში ახალი შტამის არც ერთი შემთხვევა არ არის დადასტურებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.
„ვირუსის ახალ ვარიანტებზე ლაბორატორიულ ზედამხედველობას მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს. ასევე, მხოლოდ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს აქვს ვირუსის ახალი ვარიანტების დადასტურების შესაძლებლობა და კერძო ლაბორატორიების მხრიდან, ახალი შტამის დადასტურების შესახებ, ინფორმაცია გაზიარებული არ ყოფილა. ცენტრი აქტიურად აგრძელებს დაკვირვებას ქვეყანაში კოვიდ-19-ის მოცირკულირე ვარიანტების, ისევე როგორც სხვა ვირუსების გავრცელებაზე“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, კორონავირუსის EG.5 შტამი არ იწვევს "ომიკრონის" ამჟამად გავრცელებული შტამისგან განსხვავებული სიმპტომების, ან - მძიმე დაავადების განვითარებას, ის არ საჭიროებს განსხვავებულ რეაგირებას და იმართება სტანდარტული პროტოკოლებით.