Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს" - ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსი სეზონური ვირუსია


ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი
ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ არ არსებობს განგაშის საფუძველი კორონავირუსთან დაკავშირებით. უწყების პრესსამსახურის გავრცელებული განცხადების მიხედვით, ახალი შტამების დასახელების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის შესაძლოა, "ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს".

"მთელ მსოფლიოში კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი. არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს... ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება", - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

თითქმის 9 თვეა, საქართველოში აღარ ქვეყნდება კორონავირუსით ინფიცირების ყოველთვიური სტატისტიკაც კი. მანამდე ეს მონაცემები ყოველდღიურად იყო ხელმისაწვდომი. კორონავირუსის გავრცელების საკითხი მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც მედიამ დაიწყო ახალი შტამის აღმოჩენაზე ინფორმაციის გავრცელება.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ჩინეთის ქალაქ უხანში, შემდეგ კი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მისი ოფიციალური სახელია ახალი კორონავირუსი, COVID-19. საქართველოში ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა 2020 წლის 26 თებერვალს. მას შემდეგ დაინფიცირდა 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი, დაღუპულთა რაოდენობა კი 1,6 ათასს აჭარბებს.

XS
SM
MD
LG