ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა რესპუბლიკელების პირველ საარჩევნო დებატებში მონაწილეობაზე. 23 აგვისტოს, მილუოკიში დაგეგმილ დებატებზე უარი ტრამპმა იმით ახსნა, რომ წინასაარჩევნო მარათონის ლიდერია.
ტელეკომპანია CBS-მა 20 აგვისტოს გამოაქვეყნა გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმად, რესპუბლიკელების ამომრჩევლებიდან 62% უპირატესობას დონალდ ტრამპს ანიჭებს, მის ყველაზე რეალურ კონკურენტს, ფლორიდის შტატის გუბერნატორ რონ დესანტსისს კი - 16%. პრეზიდენტობის მსურველ სხვა რესპუბლიკელებს მხარს უჭერს ამომრჩეველთა 10%-ზე ნაკლები.
ამ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ საზოგადოებისთვის ცნობილია მისი წარმატებული პრეზიდენტობა, ამიტომ, დებატებში მონაწილეობას არ მიიღებს. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ჯერჯერობით არ უპასუხა შეკითხვას, მიიღებს თუ არა ის მონაწილეობას სხვა დებატებში.
Reuters/Ipsos-ის მიერ აგვისტოს დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვით, ტრამპის რეიტინგი 47% იყო, ხოლო დესანტისის - 13%.
აშშ-ში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის 4 საქმე, მათ შორის დანაშაულისთვის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს საქმე ეხება 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, როცა ტრამპმა არჩევნების შედეგები არ აღიარა და ამას მოჰყვა კაპიტოლიუმზე მისი მომხრეების თავდასხმა. ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
მილიარდერმა ბიზნესმენმა დონალდ ტრამპმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის გადაწყვეტილება 2022 წლის ნოემბერში გამოაცხადა. მომავალ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს მოქმედი პრეზიდენტი, დემოკრატი ჯო ბაიდენიც, რომელმაც დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნებში დაამარცხა.