Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის კიდევ ერთი ბრალდება წარუდგინეს


დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატი

ორწლიანი გამოძიების შემდეგ, აშშ-ის ჯორჯიის შტატის საოლქო პროკურორმა ბრალი წაუყენა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, ოლქში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების უკანონოდ შეცვლის მცდელობისთვის - ოლქში შედის აშშ-ის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ატლანტა.

ბრალდებულები არიან ყოფილი პრეზიდენტი და მისი გარემოცვის თვრამეტი წარმომადგენელი, მათ შორის ნიუ-იორკის ყოფილი მერი. საბრალდებო დასკვნა 41 პუნქტისგან შედგება - დაწყებული შეთქმულებით გაყალბების მიზნით, ცრუ ჩვენებით დამთავრებული. თავად დონალდ ტრამპს ბრალი 13 მუხლით წაუყენეს.

ცნობილია, რომ ჯორჯიის შტატის გამომძიებლებმა შეისწავლეს ყოფილი პრეზიდენტისა და მისი თანაშემწეების მიერ შტატში კენჭისყრის შედეგების დათვლისა და დამტკიცების პროცესში ჩარევის რამდენიმე ფაქტი. მათ შორის - დონალდ ტრამპის ზარი სახელმწიფო მდივანთან მოთხოვნით, „იპოვოს“ 12 000 ხმა, რომლებიც მას სჭირდება ამ შტატში არჩევნების მოსაგებად და ასევე ბრალდებები არჩევნების გაყალბებისა და ერთ-ერთ უბანზე ხმის მიცემის აღჭურვილობით მანიპულირების შესახებ.

ეს სისხლის სამართლის მეოთხე საქმეა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტისა და რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის, წინააღმდეგ.

მანჰეტენის პროკურორები დონალდ ტრამპს კამპანიის თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ. ფედერალურმა პროკურორებმა მას ბრალი წაუყენეს საიდუმლო დოკუმენტების უკანონო დამუშავებისა და არჩევნების გაყალბების მცდელობის საქმეებში.

ექსპერტების განცხადებით, ჯორჯიის შტატში წარდგენილი ბრალდება ფედერალური ბრალდებებისგან განსხვავდება - თუ ფედერალური სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დონალდ ტრამპს, თეორიულად, პრეზიდენტის ბრძანებულებით შეუძლია თავის შეწყალება. მას არ აქვს ასეთი უფლებამოსილება ჯორჯიის შტატის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.

XS
SM
MD
LG