აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნებაყოფლობით გამოცხადდება ჯორჯიის შტატის ფულტონის ოლქის საპატიმროში მომავალ კვირაში, იტყობინება CNN-ი სამართალდამცველი უწყების მაღალი რანგის წყაროზე დაყრდნობით.
ადრე ტრამპს და მის 18 მოკავშირეს სისხლის სამართლის ბრალი წაუყენეს ჯორჯიაში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობაში. პროკურატურის დადგენილებით, ბრალდებულებს ნებაყოფლობით საპატიმროში გამოცხადება შეუძლიათ 25 აგვისტომდე.
ABC News-ის ცნობით, ამ დრომდე ტრამპის ადვოკატები საოლქო პროკურატურასთან გამართავენ მოლაპარაკებას გირაოს შეტანის შესახებ. თუ სასამართლო არ მიიღებს გირაოზე შეთანხმებას, ტრამპი ციხეში დარჩება.
ფულტონის ოლქის შერიფმა ადრე განაცხადა, რომ ტრამპს და მის თანამოსაქმეებს ისევე მოეპყრობიან, როგორც სხვა ბრალდებულებს. ეს ნიშნავს, რომ მათაც გადაუღებენ ფოტოებს და აუღებენ თითების ანაბეჭდებს.
ტრამპის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ოთხი საქმეა აღძრული, სადაც მას 91 ბრალდება აქვს წაყენებული. ფულტონის გარდა მის მიმართ წაყენებულია საიდუმლო დოკუმენტების მიმართ უკანონო მოპყრობის, არჩევნების შედეგების გაყალბების მცდელობის და საარჩევნო კამპანიის დროს შეგროვებული სახსრების უკანონო ხარჯვის ბრალდებები.
სისხლისსამართლებრივი დევნის ფონზე ტრამპი განაგრძობს წინასაარჩევნო კამპანიას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.