კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ხუთი მსხვილი ბენზინგასამართი კომპანიიდან სამი - "სოკარი", "ვისოლი" და "რომპეტროლი" - გეგმავენ სასამართლოს მიმართონ. კომპანიები არ ეთანხმებიან სააგენტოს გადაწყვეტილებას 2022 წლის მარტ-აგვისტოში საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების გამო სანქცირებაზე.
კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ მედიისთვის ცნობილი გახდა დღეს, 18 აგვისტოს. დაჯარიმებულ "გალფს" და "ლუკოილს" პოზიცია ჯერ არ გაუჟღერებიათ.
"მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს მიერ დადგენილი ჯარიმის ოდენობა მინიმალურია, ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ სასამართლო ინსტანციებს, რადგან ცალსახად არ ვიზიარებთ და არ ვეთანხმებით იმ შინაარს, რომელიც მოცემულია სააგენტოს გადაწყვეტილებაში", - აცხადებენ "ვისოლში" და დამატებით განმარტავენ, რომ "2022 წლის პირველ 8 თვეში ნავთობპროდუქტების ბაზარი გამოირჩეოდა გაზრდილი ტურბულენტობით, რასაც რეგიონში შექმნილი ობიექტური ფაქტორები ედო საფუძვლად".
კონკურენციის სააგენტოს პოზიციას არ ეთანხმებიან "სოკარშიც":
"იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა ჩვენი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა და სამართლიან შედეგს მივაღწევთ".
"კანონის ფარგლებში განვახორციელებთ დარღვეული უფლებების აღდგენას.
„რომპეტროლ საქართველო“ საქმიანობას ახორციელებს კონკურენციის პოლიტიკის დაცვით, და კომპანიამ თავისი თითქმის 20-წლიანი მუშაობის მანძილზე საქართველოში არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის პატივს სცემს თავის ყველა მომხმარებელს, და ასევე, იცავს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ წესებსა და რეგულაციებს" - ნათქვამია რომპეტროლის გავრცელებულ განცხადებაში.
გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების გამო კონკურენციის სააგენტომ 5 უმსხვილესი ბენზინგასამართი კომპანია დააჯარიმა.
- შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ - 450 590 ლარით;
- სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 693 576 ლარით;
- შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ - 1 073 859 ლარით;
- შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ - 718 986 ლარით;
- შპს „რომპეტროლ საქართველო“ - 987 886 ლარით.
სააგენტომ რამდენიმე გარემოება დაადგინა:
- შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ("გალფი"), შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ("რომპეტროლი"), შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ ("ლუკოილი"), სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ("ვისოლი") და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ ("სოკარი") მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების საწვავი ჰქონდათ, თუმცა კომპანიების საცალო საფასო პოლიტიკა იყო იდენტური და პროდუქტის თვითღირებულების ცვლილება არ აისახებოდა ბენზინგასამართ სადგურებზე;
- "რომპეტროლს" საცალო ბაზარზე გაჰქონდა მაღალი თვითღირებულების საწვავი, ხოლო იაფიანს საბითუმო ბაზარზე კონკურენტს აწვდიდა;
- ხუთივე კომპანიის წარმომადგენლებს შორის იყო აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია.
2022 წლის აპრილში, როცა საქართველოში საწვავის ფასის ზრდა უკვე თვალშისაცემი იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი". მან მაშინ იმპორტიორებს მოუწოდა, შეემცირებინათ ფასები. რამდენიმე თვის შემდეგ კი კონკურენციის სააგენტომ მისი დავალებით ბაზარზე საწვავის ფასების შესწავლა დაიწყო.