Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საწვავის ფასის გამო დააჯარიმეს 5 უმსხვილესი ბენზინგასამართი კომპანია


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

გასული წლის მარტ-აგვისტოში საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნების გამო კონკურენციის სააგენტომ 5 უმსხვილესი ბენზინგასამართი კომპანია დააჯარიმა. კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ მედიისთვის ცნობილი გახდა დღეს, 18 აგვისტოს.

"გალფი", "რომპეტროლი", "ლუკოილი", "სოკარი" და "ვისოლი" ჯამში 4 მილიონ ლარამდე თანხით დაჯარიმდნენ.

"მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ საავტომობილო საწვავის ბაზარი, მოკვლევის პერიოდისათვის, ხასიათდებოდა მოპასუხე ეკონომიკური აგენტების მხრიდან განსახილველ პროდუქტზე იდენტური ფასწარმოქმნით, რის გამოც ერთმანეთის მიმართ ადგილი არ ჰქონია ფასისმიერ კონკურენციას. აღნიშნულის შედეგად ზიანი მიადგა როგორც შესაბამის ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, ასევე საბოლოო მომხმარებელს. სამომხმარებლო ზიანი გამოიხატა იმაში, რომ ფაქტობრივად გაიაფებული პროდუქტის ხელმისაწვდომობის მიუხედავად, კომპანიათა ამგვარი ქმედებების შედეგად, მომხმარებლებს უწევდათ დაუსაბუთებლად და არსებითად გაძვირებული ფასის გადახდა", - აღნიშნავს კონკურენციის სააგენტო.

სააგენტომ რამდენიმე გარემოება დაადგინა:

  • შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ ("გალფი"), შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ("რომპეტროლი"), შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ ("ლუკოილი"), სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ ("ვისოლი") და შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ ("სოკარი") მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულების საწვავი ჰქონდათ, თუმცა კომპანიების საცალო საფასო პოლიტიკა იყო იდენტური და პროდუქტის თვითღირებულების ცვლილება არ აისახებოდა ბენზინგასამართ სადგურებზე;
  • "რომპეტროლს" საცალო ბაზარზე გაჰქონდა მაღალი თვითღირებულების საწვავი, ხოლო იაფიანს საბითუმო ბაზარზე კონკურენტს აწვდიდა;
  • ხუთივე კომპანიის წარმომადგენლებს შორის იყო აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია.

ამ მიზეზით კონკურენციის სააგენტომ ხუთივე კომპანიას დააკისრა ჯარიმები წლიური ბრუნვის (არაუმეტეს 5 პროცენტის) მიხედვით, რაც დასკვნაში მითითებული არ არის. კომპანიები დაჯარიმდნენ:

  • შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ - 450 590 ლარით;
  • სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 693 576 ლარით;
  • შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ - 1 073 859 ლარით;
  • შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ - 718 986 ლარით;
  • შპს „რომპეტროლ საქართველო“ - 987 886 ლარით.

2022 წლის აპრილში, როცა საქართველოში საწვავის ფასის ზრდა უკვე თვალშისაცემი იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ "საქართველო ვერ იქნებოდა გამონაკლისი". მან მაშინ იმპორტიორებს მოუწოდა, შეემცირებინათ ფასები. რამდენიმე თვის შემდეგ კი კონკურენციის სააგენტომ მისი დავალებით ბაზარზე საწვავის ფასების შესწავლა დაიწყო.

XS
SM
MD
LG