Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მღებრიშვილი: ფაქტობრივად, დღეს დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თემურ მღებრიშვილი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ეპიცენტრში ძებნა-შველის ღონისძიებები დღეს, ფაქტობრივად, დასრულდა და 17 აგვისტოდან მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკა გააგრძელებს სამუშაოებს.

„აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება ამ წუთებშიც. სტიქიის ეპიცენტრში, ფაქტობრივად, ჩვენ მთელი ტერიტორია გვაქვს შემოწმებული, დარჩენილია რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრი. ხვალისთვის ვგეგმავთ უკვე მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანას. კითხვა რომ არ დარჩეს, რატომ აქამდე არ შეიყვანეს მდინარეში მძიმე ტექნიკა, აქამდე არ მოგვეცა ამის საშუალება ნიადაგის გამო. რამდენჯერაც ვცადეთ მძიმე ტექნიკის დიდი რაოდენობით შეყვანა, იმდენჯერ ჩაეფლო. დღეს შევამოწმეთ გარკვეულ ადგილებში, სადაც გვქონდა გონივრული ეჭვი, რომ შეიძლება იყოს ცხედარი ან ფრაგმენტი და უკვე ნიადაგი მყარია. ხვალიდან დავიწყებთ აქტიურ სამძებრო სამუშაოებს”, - უთხრა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს.

შოვში, ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 26 გარდაცვლილი. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ცნობით, იდენტიფიცირებულია 24 გარდაცვლილი და მაშველები ეძებენ კიდევ 7 ადამიანს.

სახელმწიფო უწყებებს სტიქიიდან თითქმის ორი კვირის შემდეგაც არ გამოუქვეყნებიათ გარდაცვლილთა, დაკარგულთა და გადარჩენილთა შესახებ ინფორმაცია.

XS
SM
MD
LG