Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კაცს, რომელსაც "ისლამური სახელმწიფოს" წევრობა ედებოდა ბრალად


ცისკარა ტოხოსაშვილის დაკავება
ცისკარა ტოხოსაშვილის დაკავება

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის ბრალდება და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ცისკარა ტოხოსაშვილს​, რომელსაც ბრალად ედებოდა უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება. ინფორმაციას საგამოძიებო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

"ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე ც.ტ. ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ გაწევრიანდა და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. გარდა ამისა, ბრალდებული ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ტოხოსაშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2022 წლის 7 დეკემბერს დააკავეს და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

სუსის თანახმად, ცისკარა ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

2019 წელს ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი - „ისლამური სახელმწიფოს“ ემირი, ალ-ბარა შიშანი. ის სასჯელს საქართველოში იხდის, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

XS
SM
MD
LG