საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ცნობით, საქართველოს მოქალაქე ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი), რომელიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ტერორიზმის ბრალდებით, ექსტრადირებულია უკრაინიდან საქართველოში.
ცეზარ ტოხოსაშვილი (იგივე ალ-ბარა შიშანი) უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდებით, უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას და მონაწილეობას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ცეზარ ტოხოსაშვილი საქართველოდან სირიის არაბთა რესპუბლიკაში გაემგზავრა და 2015 წლიდან ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა ტერორისტულ საქმიანობაში.
ასევე სუს-ის ცნობით, მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერებთან: თარხან ბათირაშვილთან, ისლამ ატაბიევსა და ახმედ ჩატაევთან.
ცეზარ ტოხოსაშვილი დაუსწრებლად მიეცა პასუხისგებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ამჟამად მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, არსებითად განსახილველად გადაგზავნილია თბილისის საქალაქო სასამართლოში.