Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი ბახმუტის მიმართულებაზე გარკვეულ წარმატებებზე საუბრობს


უკრაინული შეტევა რუსული ჯარის მიმართულებით. 2023 წლის მაისი
უკრაინული შეტევა რუსული ჯარის მიმართულებით. 2023 წლის მაისი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მახლობლად მდებარე მცირე ტერიტორია დაიბრუნეს.

მისივე თქმით, გათავისუფლებულია 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. მთლიანობაში, ივნისიდან მოყოლებული, როდესაც უკრაინის კონტრშეტევა დაიწყო, ბახმუტის სექტორის სამხრეთ ფლანგზე 40 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა, დასძინა მალიარმა.

ორშაბათს მან ასევე განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების "გარკვეულ წარმატებაზე" დონეცკის ოლქის სოფელ უროჟაინოეში, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა შეტევა 8 აგვისტოს დაიწყეს.

”ბრძოლა სოფელ უროჟაინოეში გაგრძელდა კვირის განმავლობაში, იქ არის გარკვეული წარმატებები”, - თქვა მალიარმა ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, წარმატებებია სტარომაიორის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, უროჟაინოეს მახლობლად, სადაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გარკვეულ რაიონებში გაიმყარეს პოზიციები.

გასულ შაბათ-კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ უროჟაინოედან უკანდახევა დაიწყო. ამ დასახლებაში რუსული დანაყოფები მდინარის გასწვრივ იყო განლაგებული. ინფორმაციას ომის მხარდამჭერი ბლოგერებიც ავრცელებდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ მოიგერიეს სოფელზე თავდასხმა. უკანდახევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

გამოცემა New York Times-ი 13 აგვისტოს წერდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა "ტაქტიკურად მნიშვნელოვან" პროგრესს მიაღწიეს სამხრეთ უკრაინის ორ მთავარ ფრონტზე. გამოცემის ცნობით, უკრაინულმა ჯარებმა კონტროლი დაამყარეს დაახლოებით 20 კილომეტრამდე ტერიტორიებზე ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, რომლებსაც, "Медуза"-ს თანახმად, რუსეთის ჯარები აკონტროლებდნენ.

XS
SM
MD
LG