Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევი იტყობინება უკრაინის ჯარების წარმატებებზე უროჟაინოეში და ბახმუტის მახლობლად


საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი სამხედრო ზაპოროჟიეს ოლქში. 29 მარტი, 2023.
საილუსტრაციო ფოტო: უკრაინელი სამხედრო ზაპოროჟიეს ოლქში. 29 მარტი, 2023.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა, განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტის მახლობლად მდებარე მცირე ტერიტორია დაიბრუნეს.

მან დააზუსტა, რომ გათავისუფლებულია 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია. მთლიანობაში, ბახმუტის სექტორის სამხრეთ ფლანგზე 40 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა ივნისიდან, როდესაც უკრაინის კონტრშეტევა დაიწყო, დასძინა მალიარმა.

ორშაბათს მან ასევე განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების „გარკვეული წარმატების“ შესახებ დონეცკის ოლქის სოფელ უროჟაინოეში. უკრაინელმა სამხედროებმა მისი შტურმი 8 აგვისტოს დაიწყეს. „ამ კვირაში ბრძოლები გრძელდებოდა სოფელ უროჟაინოეში, იქ არის გარკვეული წარმატებები“, - თქვა მალიარმა ბრიფინგზე. მისი სიტყვებით, არის წარმატებები სტარომაიორსკის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით, უროჟაინოეს მახლობლად, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები გარკვეულ მონაკვეთებში პოზიციების გამაგრებას ახერხებენ.

გასულ შაბათ-კვირას გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთის არმიამ უროჟაინოედან უკანდახევა დაიწყო. ამ დასახლებაში მდებარეობდა რუსეთის ჯარების გამაგრებული რაიონი მდინარე მოკრიე იალის ნაპირებზე. ცნობები გამოჩნდა, კერძოდ, ომის მომხრე რუსულ ბლოგებში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შაბათს განაცხადა, რომ სოფელზე იერიში მოიგერია. უკანდახევის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ყოფილა.

New York Times-მა 13 აგვისტოს დაწერა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიაღწიეს „ტაქტიკურად მნიშვნელოვან“ პროგრესს სამხრეთ უკრაინის ორ მთავარ ფრონტზე. გამოცემის ცნობით, უკრაინის ჯარებმა კონტროლი დააწესეს 16-დან 20 კილომეტრამდე ტერიტორიებზე ბერდიანსკისა და მელიტოპოლის მიმართულებით, რომლებიც რუსეთის ჯარებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული, წერს „მედუზა“.

XS
SM
MD
LG