Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს ინფორმაციით, შოვში დაღუპული მოზარდის ცხედარი იპოვეს


შოვი
შოვი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ამბობს, რომ დღის განმავლობაში შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპული ორი ადამიანი იპოვეს.

"დღეს 2 ცხედრის პოვნა მოხერხდა. ერთი ცხედარი ნანახია ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდის ცხედარია და მეორე ცხედარი ნანახია მდინარის კალაპოტში, სტიქიის ეპიცენტრიდან დაახლოებით 2 კილომეტრში", - თქვა მან.

ბოლო მონაცემებით [14:30 სთ], სტიქიის ზონაში ნაპოვნია 21 ადამიანის ცხედარი, ეძებენ 12-ს.

გუშინ, 8 აგვისტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერთ-ერთი მოქალაქე - ზურაბ ბიბილეიშვილი - რომელსაც სტიქიის ზონაში ეძებდნენ და დაკარგულად მიიჩნეოდა, თბილისში იყო.

შოვში ღვარცოფი და მეწყრული პროცესები 3 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე განვითარდა. მას შემდეგ ადგილზე ჩავიდნენ მაღალჩინოსნები და არაერთი განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, თუმცა გამოძიების დაწყებაზე საუბარი არ ყოფილა.

7 აგვისტოს თემურ მღებრიშვილმა თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • მუხლი 116 - სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით;
  • მუხლი 240 - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.
XS
SM
MD
LG