2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავზე საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ტვიტერზე წერს:
„15 წელი გავიდა რუსეთის საქართველოში შეჭრიდან. 15 წლის შემდეგ ურყევია ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ჩვენ ვდგავართ საქართველოს მამაცი ხალხის გვერდით, რომელმაც აირჩია პროევროპული და ნატოს გზა.“
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი:
„ევროსაბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ის კატეგორიულად უარყოფს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის აღიარებას, ისევე როგორც მის სამხედრო ყოფნას რეგიონში, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეში დარღვევას“.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო
„ლატვია გმობს 15 წლის წინ საქართველოზე თავდასხმით რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ“.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
"დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის მე-15 წლისთავი აღინიშნება. ესტონეთი კატეგორიულად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და გამყოფ ხაზზე სამხედრო ძალის გაძლიერებას. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას“.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი
15 წლის წინ, ამ დღეს რუსეთმა დაიწყო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს ტერიტორიის 20% კვლავ ოკუპირებულია. გრძელდება სისასტიკე და საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესიის ციკლი. ესტონეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.
2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მე-15 წლისთავთან დაკავშირებით ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. მასში ნათქვამია, რომ უკრაინა ქართველი ხალხის გვერდით დგას და კვალავ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან.