საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლის შემდეგაც გრძელდება უკანონო ბორდერიზაცია და ომის შედეგებს დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩენილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა. დღეს, 7 აგვისტოს, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მიდის.
ომბუდსმენის განცხადებაში რამდენიმე საკითხზეა ყურადღება გამახვილებული:
- საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას - მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს;
- კვლავ გრძელდება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის პირთა უკანონო დაკავებების პრაქტიკა;
- უკანონო ბორდერიზაციით გამოწვეული საკუთრების უფლების დარღვევა ყოველდღიურ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისათვის. საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, ეს უკანონო პროცესი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის მოწყობად წარმოაჩინოს და ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ სუბიექტებად დაამკვიდროს;
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ხდება ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია და სხვადასხვა უფლებების შელახვა.
"საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებითა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, გააძლიეროს ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად. ამავდროულად, ძალისხმევა არ დაიშუროს ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის დიალოგის გაფართოებისა და გაძლიერებისკენ", - წერია განცხადებაში.
ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 2008 წლის საომარი მოქმედებების შედეგად 27 582 იძულებით გადაადგილებული პირია რეგისტრირებული. ომის დროს დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, 14 პოლიციელი, 224 სამოქალაქო პირი. დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2232-ს.
2008 წლიდან დღემდე საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის უკანონოდ დააკავა 3439 ადამიანი. მათგან 1935 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1504 - ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით. ბოლო მონაცემებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში რჩება 9 მოქალაქე.