რაჭაში, შოვში ღვარცოფსა და დამეწყრილ ტერიტორიაზე დღეს უკვე მეორე, მეცამეტე ადამიანის იპოვეს დაღუპული. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
"[ნაპოვნი დაღუპულებიდან] ამოცნობილია, როგორც ვიცი, 6 პიროვნება... ისეთ გარემოებაში იქნა ცხედრები აღმოჩენილი, რომ ისინი დაზიანებულია. ამიტომ აღებული იქნება დნმ-ის ანალიზი, ჩატარდება ყველა პროცედურა მათ ამოსაცნობად", - თქვა აღმოჩენამდე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლერი ბარნაბიშვილმა 5 აგვისტოს, დილით.
ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 13 დაღუპული და 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. სტიქიის ზონიდან გამოიყვანეს 200-ზე მეტი ადამიანი.
3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში, მეწყრული პროცესები განვითარდა. სამაშველო ოპერაცია შეტყობინების გაკეთებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ დაიწყო. გუშინ, 4 აგვისტოს კი სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჯარი ჩაერთო.